პირველი “ქართული” ინტერვიუ მარკიზ ჰეინსთან

პირველი “ქართული” ინტერვიუ მარკიზ ჰეინსთან

მარკიზ ჰეინსი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეულია. მან ჩვენს გუნდში უკვე მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ამერიკელებთან გამარჯვების შემდეგ ესტონეთში ჩვენი ნაკრების ახალ მენეჯერ კოტე ტუღუშს შევეხმიანეთ, რომელმაც მარკიზ ჰეინესთან გასაუბრების საშუალება მოგვცა.
 
– მთელმა გუნდმა კარგად ვითამაშეთ. არავის გამორჩევა არ მინდა. გამარჯვებას ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ, რაც ორმაგად სასიხარულოა. გუნდი ახლა შეთამაშების პროცესშია და ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.
– რას იტყვი საკუთარ თამაშზე? ამერიკელებთან შედარებით გაგიიოლდებოდა…
– სტუდენტურ ლიგაში მრავალი წელი გავატარე და იქაურ თამაშის სტილს ძალიან კარგად ვიცნობ. ვცდილობდი, მეტოქისთვის შესაბამისი ტაქტიკა დამეპირისპირებინა და ეს ჩემთან ერთად მთლიანად გუნდმა მოახერხა. არადა, მეტოქე არ იყო სუსტი. ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო უნივერსიტეტების მოთამაშეებით იყვნენ დაკომპლექტებულნი. ჩვენ კი ამ ნაკრებს დიდი სხვაობით ვძლიეთ. ყველანი კმაყოფილები ვართ.
–საქართველოს ნაკრებში ეს შენი მე–4 მატჩი იყო. რას იტყვი, იპოვე გუნდში საკუთარი თავი?
– პირველ ორ შეხვედრაში შედარებით გამიჭირდა. არავისთან არ მქონდა ნათამაშევი და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა ესტონეთთან და ამერიკელებთან დღევანდელ მატჩში შედარებით უკეთ გამოვიყურებოდი. ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო სარგებლიანი გავხდები. მთავარი გუნდთან ადაპტაცია, ბიჭებთან შეთამაშებაა და ეს პროცესი საკმაოდ კარგი ტემპებით მიმდინარეობს.
– რომელია შენი ნომინალური პოზიცია?
– უფრო ორი ნომერი ვარ, მაგრამ გამთამაშებლადაც ხშირად მითამაშია. საქართველოს ნაკრებში ორივე ამ პოზიციაზე კარგი კალათბურთელები არიან. მე იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი გამამწესებს.
– რას იტყვი საქართველოს ნაკრებზე?
– ვიყო საქართველოს ნაკრების წევრი, ეს ჩემთვის დიდი პატივია. გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან შევატყვე, რომ აქ ერთი დიდი ოჯახი იყო. გუნდის წევრები ერთმანეთთან ძალიან კარგად არიან და ეს წარმატებისთვის საკმაოდ მყარი საწინდარია. სპორტული კუთხით კი საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს. ასეთი დაბალანსებული და მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ევროპაში ბევრი არაა. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი შემტევი კალათბურთელები, სნაიპერები და ტანმაღალი მოთამაშეები. მთავარი ახლა შეთამაშება, სათამაშო პრაქტიკა და მონდომებაა. ევროპის ჩემპიონატზე არასდროს მითამაშია, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ვიცი, რომ იქ საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან თავმოყრილნი, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს წარმატების მიღწევის შანსი ნამდვილად აქვს.