ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე პოლონეთმა და ხორვატიამ მოსამზადებელი ეტაპი დაადრულეს. პოლონელებმა და ხორვატებმა გუშინ ბოლო საკონტროლო მატჩები გამართეს.
დირკ ბაუერმანის გაწვრთნილმა პოლონეთი შინაურ არენაზე შვედეთს შეხვდა და უპრობლემოდ – 73:57 დაამარცხა. პოლონელთაგან საუკეთესო მაციე ლამპე იყო, რომელმაც ერთბაშად 17 ორქულიანი ესროლა და საბოლოოდ, ამდენივე ქულა დააგროვა. მის აქტივში 9 მოხსნაც გახლდათ, ამდენად, ესპანური “ბარსელონას” ახალწვეულს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
დამაჯერებლად ითამაშა პოლონელთა ლიდერმა მარცინ გორტატმა, რომელმაც 24:30 წუთში ექვსივე ორქულიანი ჩააგდო და გუნდს 12 ქულა შესძინა. პოლონელებმა შვედებს მოხსნებში 36:27 აჯობეს, პასებში – 16:9 და სტუმრებზე ცხრით მეტი საჯარიმო ესროლეს, თუმცა, 19 ტყორცნიდან მხოლოდ 10 გამოიყენეს.
მაციე ლამპეს ეფექტური გდება შვედებთან მატჩში
ასე და ამგვარად, პოლონელებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს. მთლიანობაში სლავებმა 10 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 6 მოიგეს და 4 წააგეს. გთავაზობთ აღნიშნული მატჩების შედეგებს: ისრაელი – პოლონეთი 81:65, პოლონეთი – საქართველო 87:75, იტალია – პოლონეთი 76:65, ესპანეთი – პოლონეთი 70:66, პოლონეთი – ისრაელი 75:72, ბელგია – პოლონეთი 52:66, პოლონეთი – იტალია 82:79, პოლონეთი – უკრაინა 83:84, პოლონეთი – დიდი ბრიტანეთი 85:66, პოლონეთი – შვედეთი 73:57.
რაც შეეხევათ ხორვატებს, მათ მოსამზადებელი პერიოდი შედარებით ცუდი შედეგებით დაასრულეს. როგორც პოლონელებმა, ხორვატებმაც 10 მატჩი გამართეს, საიდანაც მხოლოდ 4 შეხვედრა, ისიც შედარებით სუსტ გუნდებთან მოიგეს. მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრა ხორვატებმა ბელგიასთან გამართეს და პირველი ტაიმის შემდეგ 5 ქულით აგებდნენ. მეორე ტაიმში ექსიუგოსლავიელებმა თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ 77:55 იმარჯვეს.
ეს კი ყველა იმ მატჩის შედეგი, რომელიც ხორვატიამ მოსამზადებელ პერიოდში გამართა: ხორვატია – მაკედონია 74:78, ხორვატია – მაკედონია 72:67, საბერძნეთი – ხორვატია 87:85, საფრანგეთი – ხორვატია 92:60, გერმანია – ხორვატია 73:63, ხორვატია – ჩერნოგორია 72:60, ხორვატია – ლატვია 81:66, სერბეთი – ხორვატია 88:71, თურქეთი – ხორვატია 81:52, ბელგია – ხორვატია 55:77.
ევროპის ჩმპიონატზე, C ჯგუფში, საქართველოს პოლონელებს 4 სექტებერს დაუპირისპირდებიან, ხოლო ხორვატიას 5 სექტემბერს.
პოლონეთი – შვედეთი 73:57 (19:13, 24:15, 16:18, 14:11)
პოლონეთი: ლამპე (25 წ. 17 ქ. 9 მ.), პონიტკა (9 წ.), გორტატი (25 წ. 3 მ. 3 პ.), კოშარეკი (26 წ. 5 ქ. 4 მ.), კელატი (25 წ. 5 ქ. 4 პ.); ვიშნიევსკი (1 წ.), ჩილინსკი (14 წ. 6 ქ. 4 მ.), შუბარგა (14 წ. 3 ქ.), ზამოისკი (14 წ. 4 ქ.), იგნერსკი (16 ქ. 9 ქ. 7 მ.), ვაჩინსკი (19 წ. 9 ქ.), ჰრიჩანიუკი (7 წ.), კარნოვსკი (6 წ. 3 ქ. 2 მ.).
ხორვატია – ბელგია 77:55 (18:18, 16:21, 27:6, 16:10)
ხორვატია: რუდეზი (16 წ. 3 ქ.), უკიჩი (26 წ. 11 ქ. 3 პ.), სიმონი (21 წ. 6 ქ.), მარკოტა (25 წ. 5 ქ. 4 მ.), ზორიჩი (25 წ. 13 ქ. 6 მ.); ტომიჩი (15 წ. 2 ქ. 4 მ. 6 პ.), დრეიპერი (17 წ. 2 ქ. 5 პ.), ბოგდანოვიჩი (18 წ. 9 ქ.), ტომასი (22 წ. 10 ქ.).