საქართველოს ნაკრებმა დღეს „ანვილ არენაზე“ ივარჯიშა. პოლონეთის ეროვნულ გუნდთან თამაშისთვის ილიას ზუროსმა გუნდი ძირითადად კომბინაციებზე ამუშავა. ქართველმა კალათბურთელებმა ასევე სროლებზე ივარჯიშეს, ასისტენტმა მწვრთნელებმა კი პოლონეთი – ბელგიის თამაშის ვიდეო-ფირი ტექნიკურად დაამუშავეს და დღეს, შუადღისას გუნდთან ერთად დღევანდელი მეტოქის ტაქტიკა-კომბინაციებს დეტალურად გაარჩევენ.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია მაიკლ დიქსონს, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა და წვრთნის დასრულების შემდეგ გუნდის ექიმებთან და მენეჯერთან ერთად სამედიცინო კლინიკაში გაემართა. დიქსონს შვედეთთან მატჩში ნატკენი მუხლის დიაგნოსტიკას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გავიგებთ – როდის შეძლებს ის საქართველოს ნაკრების დახმარებას. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მან დღეს ინდივიდუალურად, ჯერ ტრენაჟორებზე, შემდეგ მსუბუქი ძუნძულით ივარჯიშა. დიქსონის მსგავსად, დღეს შენგელიაც ვერ ითამაშებს.
საქართველოსა და პოლონეთის მატჩის ტრანსლაცია იწარმოებს პოლონურ კომერციულ არხზე polsat sport HD და მისი ნახვა ინტერნეტმომხმარებლისთვის ფასიანია (4.90 ზლოტი):http://www.ipla.tv/live