პორტუგალია – საქართველო: მატჩისწინა კომენტარები

პორტუგალია – საქართველო: მატჩისწინა კომენტარები

 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C  ჯგუფი.
ფაფე. პორტუგალია. 26 აგვისტო. 00:30 
პორტუგალია VS საქართველო
 

დღეს, თბილისის დროით ღამის პირველის ნახევარზე, პორტუგალიის მომცრო ქალაქ ფაფეში საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ევროშესარჩევ მატჩს ჩაატარებს.  საქართველოს ნაკრების მეტოქე ის პორტუგალია იქნება, რომელმაც გასულ ტურში ბელგიაში ლამის იმარჯვა. თამაშის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე პორტუგალიელები მასპინძელ ბელგიელებს 63:62 ამარცხებდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგეს. 
მანამდელ ტურში კი პორტუგალიელებმა შინ პოლონეთი დაამარცხეს და ამ თამაშების შედეგები იმას მიუთითებს, რომ ქართველებს საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან აქვს საქმე. მერე რა, რომ პორტუგალიამ ამ შესარჩევ ტურნირში 6 თამაში წააგო და ბოლო ადგილზეა, მონჩო ლოპესის გუნდმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს.
 
პორტუგალიელებმა ბოლო 6 დღეში 3 მატჩი ჩაატარეს და ამ თამაშებში ტრავმებიც მიიღეს. სასტარტო ხუთეულის გამთამაშებელი მიგელ მინავა 20 აგვისტოს პოლონეთთან მატჩზე ფეხშეხვეული გამოვიდა, ბოლო წუთებზე ტრავმა გაუმიზეზდა და თანაგუნდელთა გამარჯვება იატაკზე მწოლიარემ იზეიმა. მინავას არც ბელგიაში უთამაშია და არც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამოჩნდება. ტრავმირებულები არიან ანდრე პინტუ, ხაიმე სილვა და ფრანსისკო ჯორდაო. პორტუგალიურ წყაროებს თუ ვენდობით, ეს კვარტეტი დღეს მოედანზე არ გამოვა. თუმცა მწვრთნელმა, მონჩო ლოპესმა მათ შემცვლელად მხოლოდ ორ კალათბურთელს უხმო: ჟოზე ბარბოსას (“ოვარენსე”) და ფერნანდო სოუზას (“აკადემიკი”).
 
გთავაზობთ ორივე ბანაკში გაკეთებულ კომენტარებს
 
ზაზა ფაჩულია:
– დიდი ხანი გავიდა, რაც მუხლის ტრავმა მივიღე. პერიოდულად მაწუხებდა ფეხი, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმები კარგად ართმევენ თავს თერაპიულ საკითხებს და მეც უკეთესად ვგრძნობ თავს. პორტუგალიასთან მატჩში მოედანზე ვიქნები.
 
დავით უსტიაშვილი (საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი):
– პორტუგალიელები სამქულიანებს კარგად ესვრიან. პერიმეტრის ნებისმიერი წერტილიდან ისინი მზად არიან, სამქულიანი ჩააგდონ და ჩვენ ამის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი დაცვითი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ.
 
მანუჩარ მარკოიშვილი:
– მონდომებულები ვართ და ვფიქრობ, უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ქართველ გულშემატკივარს ის აზრი უნდა შევუცვალოთ, რაც ჩვენი ბოლო თამაშიდან დარჩათ. სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა შექმნილი ჯგუფში, მხოლოდ ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებულნი.
 
მონჩო ლოპესი (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
ურთულესი მატჩი გველის. ბეკგიაში წაგების შემდეგ ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ. მაყურებელთა იმედები უნდა გავამართლოთ.
 
ჰაშემუ ევანსი (პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი):
– პირველი მატჩიდან გამომდინარე, ფავორიტი საქართველოა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს სტატისტის როლში ვიქნებით. ჩვენი ნაკრები კარგ ფორმაშია, მართალია, ტრავმები გვაწუხებს, მაგრამ ბიჭებმა გამარჯვებას გაუგეს გემო და ახლაც ვეცდებით წარმატების მიღწევას.
 

 

1.       ბელგია                6        5/1     453/421       11
2.       პოლონეთი          7        4/3     540/509       11
3.       საქართველო       6        3/3     425/428       9
4.       ბულგარეთი        6        3/3     463/425       9
5.       პორტუგალია      7        1/6     461/559       8

 

დარჩენილი თამაშები:
 
26 აგვისტო
ბულგარეთი-ბელგია
პორტუგალია-საქართველო
29 აგვისტო
საქართველო-ბულგარეთი
ბელგია-პოლონეთი