პრეს-კონფერენციაზე კოკოშკოვის გუნდმა ქება დაიმსახურა

პრეს-კონფერენციაზე კოკოშკოვის გუნდმა ქება დაიმსახურა

საქართველო–საბერძნეთის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებმა ბერძენთა მწვრთნელისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა. ტრავმებით დასუსტებულმა იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჩემპიონატის ღირსეულად ჩამთავრება მოახერხა.
 

 
გიორგი შერმადინი, საქართველოს ნაკრების მოთამაშე:
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო საბერძნეთის ნაკრებს. ეს იყო ძალიან კარგი მატჩი. ჩვენ ვიგებდით პირველი ტაიმის შემდეგ, თუმცა ბერძნებმა კარგად ითამაშეს დაცვაში და საბოლოოდ წარმატებასაც მიაღწიეს. საბერძნეთს წარმატებას ვუსურვებ მეოთხედფინალში“.
 
კოსტანტინიოს პაპანიკოლაუ, საბერძნეთის ნაკრების მოთამაშე:
„პირველ ტაიმში დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, თუმცა გასახდელში მწვრთნელმა ყველაფერი კარგად აგვიხსნა და შესვენების შემდეგ თამაშიც გამოვასწორეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ კარგი დაცვის გარეშე ვერას გავხდებოდით. ამის გამო დავმარცხდით რუსეთთან და შეცდომის გამეორება არ გვინდოდა. ჩვენ ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძვით, მნიშვნელობა არა აქვს, გასულები ვართ ჯგუფიდან თუ არა. ახლა უკვე საფრანგეთთან მატჩზე ვფიქრობთ“.
 
 
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„საქართველოსთვის ყოველი მატჩი ჩვეულებრივსე დიდ ხანს გრძელდება, რადგან სათადარიგოთა სკამი მოკლე გვყავს. ყოველ მატჩში დიდი ბრძოლა გვქონდა, პლუს ამას, გააზრებულადაც უნდა გვეთამაშა. ამ მატჩშიც საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ბერძნები თამაშს კარგად აკონტროლებდნენ და ყოველ სროლას გააზრებულად ასრულებდნენ. მე მოხარული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით ჩვენმა ნაკრებმა დიდი გამოცდილება შეიძინა. ჩვენ ამ მატჩის შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მთლიანობაში ამ ციკლში ასპარეზობა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იყო“.
 
ილიას ზუროსი, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ვულოცავ საქართველოს. მათ ითამაშეს საკმაოდ დისციპლინირებული და ლამაზი კალათბურთი. მათ საკმაოდ კარგი ფილოსოფია გააჩნიათ. საქართველოსთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელიც მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ჩვენ კაუნასში მივდივართ, სადაც ევრობასკეტის საუკეთესო გუნდები მოხვდნენ“.