პრესკონფერენცია: ბოჟიდარ მალკოვიჩმა იგორ კოკოშკოვს მადლობა გადაუხადა

პრესკონფერენცია: ბოჟიდარ მალკოვიჩმა იგორ კოკოშკოვს მადლობა გადაუხადა

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ახალი არაფერი თქმულა. ორივე მწვრთნელმა და მოთამაშეებმა თქვეს, რომ ეს იყო თანაბარი და საინტერესო თამაში, რომლის ბედიც ბოლოს გადაწყდა. სლოვენიელთა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა იგორ კოკოშკოვს მადლობა გადაუხადა კარგი თამაშისთვის და იმისთვის, რომ მას გორან დრაგიჩის განვითარებაში სოლიდური წვლილი მიუძღვის.

ბოჟიდარ მალკოვიჩი:
„პირველ რიგში მადლობა კარგი თამაშისთვის. ქართველებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ 2 ძლიერი მოთამაშე აკლიათ, ყველა თამაშში იბრძვიან. მე ვუთხარი ჩვენი გუნდის გენერალურ მენეჯერს, რომ ეს იქნებოდა რთული მატჩი და რომ მაქსიმუმ 5 ქულით თუ მოვიგებდით. მინდა პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო იგორ კოკოშკოვის მიმართ, რომელმაც გასულ სეზონში დიდი სამუშაო გასწია „ფინიქს სანსში“, რათა ჩვენი გუნდის წევრი, გორან დრაგიჩი, როგორც კალათბურთელი, განვითარებულიყო.“
იგორ კოკოშკოვი:
„არის მატჩები, როცა 20 ქულის სხვაობით მთავრდება, თუმცა როცა მცირე სხვაობით აგებ, ყოველთვის დასანანია. ჩვენმა გუნდმა იბრძოლა, ბოლომდე ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. მეორე მეოთხედში სოლიდური ლიდერობის დაკარგვისა და 12 ქულით ჩამორჩენის შემდეგ ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკისთვის არ გვიღალიატია. მართალია, სლოვენიელებმა ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაკლდებოდა რაღაც, ბოლომდე ვერ ვახერხებდით არჩეული გეგმის შესრულებას. ამიტომაც, მეორე ტაიმში მეტი მონდომებით ვიბრძოლეთ და მოგების შანსიც გვქონდა. ვულოცავ სლოვენიელთა მწვრთნელ ბოჟიდარ მალკოვიჩს გამარჯვებას, ის ძლიერი მწვრთნელია და დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. ჩვენთვის ბრძოლა გრძელდება, ხვალ მორიგი მატჩია და უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია და ღირსეული თამაშის ჩვენება.
ვიქტორ სანიკიძე:
„თავიდან კარგად ვთამაშობდით. 10-ქულიანი უპირატესობა გვქონდა და თამაშიც მიგვყავდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ სლოვენიელებმა ძალიან ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს და ჩვენ აღმოვჩნდით მდევრის როლში. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. ხვალ მორიგი მატჩია და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“.
დომნ ლორბეკი:
„ქართველებმა თავიდან ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს. ჩვენ გვიჭირდა მათი ზონური დაცვის გარღვევა, მაგრამ მეორე მეოთხედის შუა პერიოდიდან მოვახერხეთ შორი სროლებით უპირატესობის მოპოვება. მეტოქემ იბრძოლა და ბოლოს მაინც ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა“.