ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტური, რომელიც შუა კვირაში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა კლუბებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.ჩვენებურთაგან ყველაზე შედეგიანად ქართულად ნატურალიზებული ამერიკელი ტაირონ ელისი გაისარჯა, რომელმაც 32 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თუმცა, “კახასოლი” “მურსიასთან” გასვლით შეხვედრაში 75:82 დამარცხდა.
ტაირონმა 4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ელისის კლუბი 1 მოგებითა და 7 მარცხით უკანასკნელ მე-17 ადგილზე იმყოფება.ბოლოსწინა საფეხურზე დარჩა ვლადიმერ ბოისას “ვივემენორკა”, რომელიც “ესტუდიანტესს” ესტუმრა და 61:71 წააგო.ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთში სამივე სროლა გააცუდა და ერთადერთ მოხსნას დასჯერდა. “ფუენლაბრადას” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთი ითამაშა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. “ცქიტოს” გუნდი შინაურ კედლებში ლიდერ “უნიკახას” დაუხვდა და 83:89 დამარცხდა, ცქიტიშვილმა კი 5 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.ნიკამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ხოლო “ფუენლაბრადა” 4 მოგებით მე-7 ადგილზე იმყოფება.