ევროლიგის ტოპ-16-ის მეორე ტურში კვლავ მარცხი იწვნია მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“. ქართველი უკანახაზელის გუნდმა ევროპის პრესტიჟული ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპი ესპანეთში „უნიკახასთან“ მარცხით დაიწყო, დღეს კი შინ ხორვატიულ „ცედევიტასთანაც“ წააგო – 72:79.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 27:21 წუთი გაატარა და თავი 11 ქულას, 1 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. მანუჩარმა 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. საუკეთესო სტამბოლურ გუნდში სემიჰ ერდენი გახლდათ 13 ქულით, 6 მოხსნითა და 4 დაფარებით.
გამარჯვებულებს 25 ქულით ქართული პასპორის მქონე ჯეიკობ პულენმა ულიდერა, რომელმაც საქართველოს ნაკრების სახელი გასულ ევრობასკეტზე დაიცვა. პულენმა 12-დან 5 სამქულიანი, 7-დან 3 ორიანი და 4-ივე საჯარიმო ჩააგდო.
„ცედევიტას“ 2 ტურის შემდეგ თითო მოგებ-წაგება აქვს, ხოლო „დარუშაფაკა“ მოგების გარეშე გახლავთ. მომდევნო ტურში, 15 იანვარს მარკოიშვილის გუნდი სტუმრად თანაქალაქელ ეფესს შეხვდება.