ჯეიკობ პულენი იტალიაში ბომბარდირობას განაგრძობს. სერია „ა“-ს გასულ ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა 38 ქულა ჩააგდო, დღევანდელ ტურში კი პულენმა 34 ქულა მიითვალა და თავის გუნდს, ბოლონიის „ოკნოპლასტს“, სტუმრად „ბრინდისი“ დაამარცხებინა – 93:87.
პულენი ბოლონიელთა ლიდერად და არქიმექულედ იქცა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა უკანახაზელმა საკუთარი ბომბარდირული თვისებები იტალიაში სრულად გამოავლინა. „ბრინდისთან“ მატჩის ბოლო წუთებზე პულენმა მიჯრით 6 ქულა მოაგროვა და მასპინძლებს წარმატების შანსი მოუკლა.
ჯეიკობ პულენი (მარჯვნივ)
პულენმა 31 წუთი ითამაშა და 8-დან 4 ორქულიანი, 9-დნ 6 სამიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 34 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ბოლონიელთა მეორე ბომბარდირი 17 ქულით ვიქტორ გადეფორსი გახდა.
ამ გამარჯვებით ბოლონიელებმა სერია „ა“-ში დასარჩენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 5 მაისს, „ოკნოპლასტი“ „ლენოვო კანტუს“ უმასპინძლებს.