ქალთა ჩემპიონატში თსუ–ს ჰეგემონია “ზესტაფონმა” დაამხო

ქალთა ჩემპიონატში თსუ–ს ჰეგემონია “ზესტაფონმა” დაამხო

ზესტაფონში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორე ტურში გვარიანი სენსაცია მოხდა. ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა და ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა მდგარმა თსუ–მ თემურ ჯაშიაშვილის გაწვრთნილ „ზესტაფონთან“ წააგო.
თსუ–ს დამარცხება მართლაც რომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან ეს გუნდი ნებისმიერ მეტოქეს შანსს არ უტოვებდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გასული თვის ბოლოს ქუთაისში გამართულ ტურში სამივე მეტოქე იოლად დაამარცხა, ზესტაფონელები კი 87:63 დაჯაბნა. გუშინ კი იმერლებმა რევანში აუღეს თსუ–ელებს და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 57:54 დაამარცხეს.
ზესტაფონური ტური გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება. ზესტაფონელებს თსუ–ს დამარცხების შემდეგ დღეს ისევ დიდი ბრძოლა გადახდათ – ქუთაისელებმა მასპინძლებს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს და მატჩი 2–ქულიანი სხვაობით დასრულდა: 64:62 ზესტაფონის სასარგებლოდ.
დღესვე ზესტაფონელებისგან ძლეულმა თსუ–მ აუტსაიდერი “გორი” გაანადგურა. ხვალ „ზესტაფონი“ „გორს“ შეხვდება, თსუ კი „ქუთაისს“ და მეორე ტურიც ამით დამთავრდება. საქართველოს ჩემპიონი 5 ტურის შედეგად უნდა გამოვლინდეს. მომდევნო ტური მარტის შუა რიცხვებში თბილისში გაიმართება.
 
 
სატურნირო ვითარება
 
თსუ               5          4          1                9
 
ზესტაფონი   5          4          1                9
 
ქუთაისი       5          2          3                7
 
გორი              5          0          5               5
 

ზესტაფონელები შარშან ბრინჯაოს დასჯერდნენ, ახლა კი ოქროსთვის იბრძვიან