ამხანაგური მატჩი. კიევი. 20 ივლისი
უკრაინა (U-16) 72:60 საქართველო (U-16)
22:15 13:14 21:14 16:17
საქართველო: ბურჯანაძე (23 ქულა, 8 მოხსნა), მიქელაძე (15 ქ. 10 პასი), ცირეკიძე (5ქ. 6მ), კვანტალიანი (5), რამიშვილი (5), ნადირაძე (2), ლილიშვილი (2), გრძელიძე (2), ანანიაშვილი
არ უთამაშიათ: გოგბაიძე, ცხაკაია
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა, რომელიც კიევში მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფება, პირველი სპარინგ–მატჩი 60:72 წააგო უკრაინელ თანატოლებთან. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედამდე გაურკვეველი იყო – საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მასპინძლები მხოლოდ 3 ქულით იყვნენ წინ, თუმცა ქართველებმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.
კიევში დავუკავშირდით ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომელმაც ეს კომენტარები გააკეთა:
– შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან ჩამოვრჩით, თუმცა მეორე მეოთხედში უკრაინელებს წამოვეწიეთ. მერე ისევ გაგვასწრეს მასპინძლებმა, თუმცა ბოლო მეოთხედში მაინც მოვახერხეთ მეტოქესთან მიახლოვება. საბოლოოდ არ გაგვიმართლა, რაც იმის ბრალია, რომ 13 საჯარიმო სროლა ავაცილეთ: 28 ცდიდან მხოლოდ 15 ჩავაგდეთ. ამასთან, ნიკა რამიშვილმა და ლევან ლოლიშვილმა ბევრი შორი სროლები ააცილეს. პირველმა 6–დან 1 ჩააგდო, ხოლო მეორემ ხუთივე სამქულიანი ააცილა.
– უკრაინა ჩვენი დონის გუნდია. ისინი გასულ წელს გავარდნენ A დივიზიონიდან. დღეს კი მოგვიგო, მაგრამ თამაშს მაინც თანაბარი ეთქმოდა. ჩვენი ნაკრები ნამგზავრი, გადაღლილი იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩში უკეთ ვითამაშებთ.
შეგახსენებთ, რომ მორიგი სპარინგ–მატჩი ხვალ, 21 ივლისს, 16 საათზე გაიმართება.