“ქართული დერბის” შედეგი: სანიკიძე მატჩის გმირი, მარკოიშვილი – “კანტუს” საუკეთესო

“ქართული დერბის” შედეგი: სანიკიძე მატჩის გმირი, მარკოიშვილი – “კანტუს” საუკეთესო

ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი: იტალიის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ერთ-ერთი მატჩის 2 საუკეთესო მოთამაშე. „ქართულ დერბიში“ „კანადიან „სოლარი“ და „კანტუ“ შეხვდნენ. მარკოიშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო სანიკიძე ბოლონიელთაგან საუკეთესო ხომ იყო და პლუს ამას, მატჩის გმირიც გახდა. დრამატული, უაღრესად დააბული მატჩში წერტილი სწორედ სანიკიძის სამქულიანმა დასვა. საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ვიქტორის ჩაგდებულმა სამიანმა „კანადიან სოლარს“ შეხვედრა ერთი ქულის სხვაობით – 66:65 მოაგებინა.
არადა, თითქოს ყველაფერი კანტუელთა სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დორონ პერკინსის ორქულიანის შემდეგ „კანტუ“ 65:56 დაწინაურდა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდს მოგებამდე სულ ცოტა რჩებოდა, თუმცა მასპინძლებმა სასწაული მოახდინეს. დარჩენილ 3 წუთში მეტოქეს 11:0 გაქცევა მოუწყვეს და საბოლოოდ 1 ქულით გაიმარჯვეს. მასპინძელთა გაბრწყინებას არანაირი ეფექტი არ ექნებოდა, რომ არა სანიკიძის დამაგვირგვინებელი სამქულიანი, რომელმაც „კანადიან სოლარს“ სასწაულებრივი გამარჯვება მოუტანა.
მარტო ამ სროლის გამო არ გამხდარა სანიკიძე მატჩის გმირი. ის ამ მატჩის ჭეშმარიტად საუკეთესო მოთამაშეა. ვიქტორი იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომელაც ორმაგი დუბლი შეასრულა. 36 წუთში მან 11 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 19 შეადგინა. სანიკიძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მანუჩარ მარკოიშვილს რაც შეეხება, ის თავის გუნდში იყო თავისებული გმირი. მისი სტაბილური სროლების წყალობით „კანტუ“ მთელი თამაშის მანძილზე უგებდა ბოლონიელებს. „მანუმ“ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა. მანუჩარი იყო ერთადერთი კანტუელთაგან, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 2 ციფრიანი რიცხვით გამოიხატა – 17. მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. ერთი სიტყვით, ეს მატჩი იყო ქართველთა დუელი, რომელშიც გამარჯვებული ბოლო წამებზე იმავ ქართველის ხელით გამოვლინდა.

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა სერია „ა“-ს კიდევ ერთმა ქართველმა წევრმა ნიკა მეტრეველმა, რომლის „დინამო სასარიმ“ სტუმრად „კასერტა“ 95:69 გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა 15 წუთში 14 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მეტრეველმა 10 ორქულიანიდან 6 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ორივე სროლა მიითვალა.
ასე და ამგვარად, იტალიის სერია „ა“-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. მარკოიშვილ-შერმადინის „კანტუ“ მე-3 ადგილზე გავიდა, სანიკიძის „კანადიან სოლარი“ მე-5-ზე, ხოლო ნიკა მეტრეველის „სასარი“ მე-4-ზე. პლეი ოფში თამაშის უფლება საუკეთესო 8 გუნდმა მიიღო. შესაბამისად, მეოთხედფინალში ერთმანეთს სანიკიძისა და მეტრეველის გუნდები შეხვდნენ. „კანტუს“ მეტოქე კი „სკავოლინი“ იქნება.