ესპანური პრიმერადივიზიონ ის მე-19 ტური საქართველოს ნაკრების კალათბურთელებისთვის წარუმატებელი გამოდგა – გამარჯვება მხოლოდ ტაირონ ელისის “კახასოლმა” იზეიმა, ხოლო ელისმა, ფუენლაბრადელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და მენორკელმა ვლადიმერ ბოისამ ჯამში მხოლოდ 11 ქულა მოაგროვეს.
“კახასოლმა” სეზონში მე-3 გამარჯვება “გრანადასთან” იზეიმა – 73:65, ხოლო საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 29 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ელისმა სევილიელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი კი გააცუდა.
ტაირონ ელისი ბურთს გრანადელ ჯიმი ჰანტერს ეცილება
ელისის გუნდი 3 მოგებითა და 16 მარცხით ბოლო ადგილზე რჩება.
ვლადიმერ ბოისას “ვივემენორკა” ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “ხუვენტუტს” ესტუმრა და 74:92 დამარცხდა. ბოისამ მოედანზე 14 წუთი გაატარა და გუნდს 1 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შეაწია. ვოვამ თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 2 საჯარიმოდან კი ზუსტად 1 სტყორცნა.
“ვივემენორკა” 5 გამარჯვებითა და 14 მარცხით მე-15 საფეხურზეა.
“გრან კანარიასთან” 85:92 წაგებულ შეხვედრაში მხოლოდ 5 წუთს ითამაშა “ფუენლაბრადას” ქართველმა ფორვარდმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. “სკიტამ” მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში კი დაიწყო, მაგრამ თამაშიდან 6-დან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 2 ქულასა და 1 მოხსნას დასჯერდა.
ცქიტიშვილის კლუბი 9 მოგებითა და 10 მარცხით ესპანეთის 17–გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე რჩება.
ნიკა ცქიტიშვილი (#5)