ქართველ მსაჯ–კომისრებს ევროპაში ავტორიტეტი ემატებათ

ქართველ მსაჯ–კომისრებს ევროპაში ავტორიტეტი ემატებათ

ქართველი მსაჯ–კომისრები რომ ევროპის სანაკრებო და კლუბურ თამაშებში არიან ჩაბმულნი, ახალი ამბავი არაა. რაც დრო გადის, ჩვენს ოფიციალურ პირებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება და შესაბამისად კომპეტენციაც ემატებათ. შედეგიც სახეზეა: ოქტომბრის თვეში ფიბა–ს არბირტი მაკა კუპატაძე და კომისარი მერაბ რატიშვილი მეტად საპასუხისმგებლო მატჩებზე არიან დანიშნულები.
 

მაკა კუპატაძე ევროპის სუპერთასს იმსაჯებს
 
18 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ევროპის ქალთა სუპერთასი გაიმართება, ხოლო ამ მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ერთმანეთს ევროლიგის გამარჯვებული მოსკოვის „სპარტაკი“ და ევროთასის მომგები ბერძნული „ათინაიკოსი“ შეხვდებიან. სწორედ ამ მატჩზეა დანიშნული მაკა კუპატაძე, რომელსაც ევროპის უმაღლესი დონის არბიტრებთან – ესპანელ ანა კარდუსთან და სერბ მაია ვუკანოვიჩთან ერთად მოუწევს მსაჯობა.
 

მერაბ რატიშვილი ულებ–ის
მატჩზე კომისრად მიიწვიეს
 
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი და ფიბა–ს კომისარი მერაბ რატიშვილი კი კაცთა ულებ–ის თასის საპასუხო მატჩზეა დანიშნული. ერთმანეთს ხვდებიან უკრაინული „აზოვმაში“ და ფრანგული „ორლეანი“. ეს შეხვედრა 6 ოქტომბერს მარიუპოლში გაიმართება და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ულებ–ის თასის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ხოლო წაგებული რანგით შედარებით დაბლა მდგომ ტურნირზე – ევროჩელენჯზე გადაინაცვლებს.