საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების – ბექა ბურჯანაძისა და გიორგი ერმადინის „მორაბანკ ანდორ“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამარცხდა. ჩვენიანთა მეტოქე იყო „უნიკახა“, რომელთანაც ანდორული კლუბი 69:93 დამარცხდა.
თამაშის წინ, მალაგელებმა ქომაგებს “ვალენსიასთან” ჭიდილში მოპოვებული ევროთასი წარუდგინეს და კარგ ხასიათზე მყოფებმა ანდორელებსაც დამაჯერებლად აჯობეს. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყვნენ და საკმაოდ აქტიურადაც გაისარჯნ. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი შერმადინი იყო, რომელმაც 29:45 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
მოედანზე 20:58 წუთი გაატარა ბურჯანაძემ, რომელმაც 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. ქართველმა ლეგიონერმა 6 ქულას 3 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა. ბექას ბურთი არ დაუკარგავს, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. “უნიკახას” გამარჯვებაში დიდი წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა კაილ ფოგმა შეიტანა, რომელმაც 7-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და 20:19 წუთში 24 ქულა მოაგროვა. ისიც სათქმელია, რომ ჯამში მასპინძლებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს. “მორაბანკ ანდორას” 14 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და მე-2 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა, ქართველთა გუნდის დაწევის შანსი “ბილბაოს” აქვს, რომელიც 17 აპრილს “ობრადოიროს” უმასპინძლებს.