იტალიის სერია A
გასული ტური წარმატებული იყო ორივე ქართველის გუნდისთვის. გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმაც“ და ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმაც“. კანტუელებმა სრუმრად „ბიელას“ 86:75 სძლიეს და ამ მატჩში მარკოიშვილმა 25 წუთში 5 ქულა მიითვალა.
მანუჩარი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და თითო სამქულიანი და ორიანი ჩააგდო. გარდა ამისა, მას 4 პასი და 2 მოხსნაც დაუგროვდა და ალბათ მეტსაც მიითვლიდა, მოედანი 5 პერსონალურის გამო რომ არ დაეტოვებინა.
ამ გამარჯვების შემგდეგ „კანტუსთვის“ ცხრილში არაფერი შეცვლილა, მარკოიშვილის გუნდი კვლავ მე–6 ადგილზე იმყოფება. ამის მიზეზი ცხრილში „კანტუს“ წინა მყოფი „კანადიან სოლარის“ გამარჯვებაა. სანიკიძის გუნდმაც იმარჯვა და მე–5 ადგილზე დარჩა. ვიქტორმა „აველინოსთან“ სტუმრად 82:79 მოგებულ მატჩში მხოლოდ 8 წუთით ითამაშა, რის განმავლობაშიც ოთხვივე საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა, 1 ორქულიანი კი ააცილა. სანიკიძემ 1 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაგროვა.
ესპანური პრიმერადივიზიონი
წაგებას მოგება შეუნაცვლა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ”, რომელმაც “ესტუდიანტესს” უმასპინძლა და 86:82 გაიმარჯვა. ბოლო მეოთხედის წინ ნიკას გუნდი 7 ქულას აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებს 26:15 სძლია და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ის მოედანზე 18 წუთს იმყოფებოდა, რის განმავლობაიც 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ცქიტიშვილმა 3-დან 2 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, ორქულიანი კი ააცილა. 11 მოგებითა და 15 მარცხით “ფუენლაბრადა” მე-14 ადგილზეა.