მარცხით დაიწყო ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“, თუმცა ევროპის ერთ–ერთ გრანდთან სტუმრად 5 ქულით წაგებისთვის „ქართველების“ გუნდს არავინ დაძრახავს. პირიქით, კანტუელებმა კატალონიურ „ბარსელონას“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ბოლო წუთებამდე მოგების შანსსაც ინარჩუნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 60:65 დამარცხდნენ.
ქართველებს ურიგოდ არ უთამაშიათ იმ დროში, რაც მათთვის იყო გამოყოფილი. ეს უფრო მარკოიშვილზე ითქმის, რომელიც მწვრთნელმა მხოლოდ 10,47 წუთით დატვირთა. მანუჩარმა 4–დან 2 ორქულიანი მიითვალა, რასაც 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა.
შედარებით შედეგიანი იყო შერმადინი, რომელმაც მარკოიშვილზე ორჯერ მეტი დრო დაჰყო მოედანზე. 21 წუთში გიორგიმ 9 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 9 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი სამივე ზუსტად ტყორცნა.
H ჯგუფის მეორე მატჩში „მაკაბიმ“ 84:76 დაამარცხა „ჟალგირისი“. მომდევნო ტურში, 25 იანვარს, „კანტუ“ სწორედ „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.