ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის – ერგრედ წოდებული ტოპ-16-ის მე-3 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველების გუნდებისთვის. მარცხი განიცადა როგორც მანუჩარ მარკოიშვილის, ისე თორნიკე შენგელიას გუნდმა.
ვიტორიული „ლაბორალ კუჩა“ მოსკოვში „ხიმკის“ შეხვდა და 68:76 დამარცხდა. შენგელია სტუმართა გუნდის სასტარტო ხუთულში იყო მოედანზე 17:30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგო. შენგელიამ მთლიანობაში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ვიტორიელთაგან ვერც ერთმა მოთამაშემ ვერ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. შენგელიას მსგავსად 9-9 ქულა მოაგროვეს ფაბიენ კოსიემ, ადამ ჰანგამ და იაკა ბლაჟიჩმა.
„ლაბორალ კუჩას“ 1 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და 8-გუნდიან ჯგუფში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 21 იანვარს, შინ მოსკოვის ცსკა-სთან ელის.
მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ კი ტოპ-16-ში მოგების გარეშეა. სტამბოლურ დერბიში ქართველის გუნდმა „ეფესთან“ უშანსოდ – 71:84 წააგო და ცხრილის ბოლო საფეხურზე განთავსდა. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ მარკოიშვილმა შეხვედრა უქულოდ დაასრულა.
ქართველი უკანახაზელი მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა და 2 სამქულიანთან ერთად 1 ორიანი ააცილა. ქართევლმა უკანახაზელმა 3 ჯარიმა მიიღო და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „დარუშაფაკაში“ 20 ქულით საუკეთესო იყო სკოტი უილბეკინი, 14 ქულა ენდერ არსლანის ანგარიშზეა.
დარუშაფაკელებს 22 იანვარს, შინ ჯგუფის ლიდერ „ფენერბაჰჩესთან“ ელით.