ქართველებმა “ანდორას” მურსიაში ვერ უშველეს

ქართველებმა “ანდორას” მურსიაში ვერ უშველეს

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მარცხი განიცადა „მორაბანკ ანდორამ“, რომლის ლიდერებიც საქართველოს ნაკრების წევრები – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე არიან. ქართველმა ლეგიონერებმა სტუმრად, „მურსიასთანაც“ ულიდერეს ანდორელებს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა 77:53 გაიმარჯვეს.

ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 24:24 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 ერთეული შეადგინა, რაც საუკეთესო იყო სტუმართა შორის. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, 6 შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მოედანზე 18:11 წუთი დაჰყო ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 9 ქულა და 2 მოხსნა იყო. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
11 მოგებითა და ამდენივე მარცხით „ანდორა“ ცხრილში მე-8 ადგილზეა. 18 მარტს ქართველების გუნდი “სარაგოსას” უმასპინძლებს.