გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “როკმა” ესტონეთის ჩემპიონატში ფინალური სერია დაიწყო, რომელიც ოთხ გამარჯვებამდე გაგრძელდება. სატიტულო დაპირისპირებაში ტარტუელთა მეტოქე ტალინური “კალევია”. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოიგო.
ფინალური ჭიდილის პირველ შეხვედრაში ქართველთა გუნდი მასპინძლის როლში იყო. ტარტუელებმა საკუთარი მოედნის ფაქტორი სრულად გამოიყენეს და სერიაში დაწინაურება მოახერხეს.
საწყის მეოთხედში როკერებმა სრულად დაჩაგრეს მეტოქე, რაც მათ მიერ მოპოვებულ 11-ქულიან (25:14) უპირატესობაშიც ნათლად აისახა. მასპინძლებს ზეწოლა არც მეორე პერიოდში შეუნელებიათ და შესვენებამდე ისინი 16 ქულით (50:34) დაწინაურდნენ. ის, რაც მესამე ათწუთეულში მოხდა, ალბათ, არავინ ელოდა. სტუმრებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, მეტოქეს 3-ქულიან დისტანციაზე (76:73) მიუახლოვდნენ. ბოლო პერიოდში კი, თანაბარი ბრძოლა იყო და საფინალო სირენამ გუნდებს იმ მომენტში მოუსწრო, როცა ტაბლოზე ტარტუელთა 4-ქულიანი უპირატესობა – 82:78 ენთო.
“როკის” ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც მატჩი ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო. შეხვედრაში მონაწილე მოთამაშეთა შორის მოედანზე მან ყველაზე მეტი დრო, 34.07 წუთი დაჰყო და სულ ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – ქართველმა შეხვედრა 17 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემით, 6 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. ცინცაძეს 10 ორქულიანი ტყორცნიდან 6 შედეგიანი გამოუვიდა, 2 სამქულიანი ცდიდან ერთხელ იხეირა და საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული ორივე სროლა ზუსტად გამოიყენა.
უჩვეულოდ უსახური შეხვედრა გამოუვიდა ტარტუელთა მეორე ქართველს – ვიქტორ სანიკიძეს. 20.32 წუთში მან მხოლოდ 2 ქულის (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი) მითვლა შეძლო, რასაც თითო მოხსნა-პასი დაუმატა.
ამ გუნდების მორიგი შეხვედრა 19 მაისს გაიმართება და მასპინძელი კვლავაც “როკი” იქნება.
შეტევაზეა გიორგი ცინცაძე