ევროპის ახალგაზრული ლიგის 2005 წელს დაბადებულთა ლიგა დაიწყო, რომელშიც ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდიც ჩაერთო. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის მიხედვით, ამ წელს დაბადებულთა ქართული კლუბებიდან დგება პერსპექტიულ მოთამაშეთა გუნდი, რომლებსაც შანსი ეძლევათ ევროპის ლიგაში ასპარეზობით საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ და ამით საკუთარი განვითარება დააჩქარონ.
სწორედ ამ პროგრამით გუნდი “საქართველო 2005″ლატვიის ქალაქ ვალმეირაში გაემგზავრა ევროპის ლიგის პირველი წრის ჩასატარებლად. დაგეგმილი 5 მატჩიდან ქართველებმა 30 ნოემბერს საწყისი 2 მოიგეს – “რიგას” დაძაბულ ბრძოლაში – 62:58 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) სძლიეს, ხოლო უკრაინელი ცნობილი კალათბურთელის, ბელოსტენნის აკადემია 58:48 დაამარცხეს. პირველ მატჩში 19 ქულით ლუკა ალავიძე გამოირჩა, თენგო გოგიშვილს კი 17 ქულა მოუგროვდა. უკრაინელებთან კი საუკეთესო შედეგი 13 ქულა – 16 მოხსნით ბაქარ ბერეკაშვილმა დააფიქსირა, ბომბარდირი კი 15 ქულით გოგიშვილი გახდა.
1 დეკემბერს “საქართველო 2005” 2 მატჩს გამართავს: თბილისის დროით 11:30 საათზე რიგის DSN-ს გაეჯიბრება, ხოლო 17:30-ზე ბელარუსულ “პრინემანიეს” დაუპირისპირდება. პირველი წრის ბოლო, მე-5 შეხვედრას ქართველები 2 დეკემბერს, მოსკოვის ცსკა-სთან გამართავენ.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ლუკა ალავიძე, ანრი ბელთაძე, გიორგი ბერუაშვილი, ლუკა ლომთაძე, ბაქარ ბეკერაშვილი, დაჩი დაშვიანი, თენგო გოგიშვილი, ნიკოლოზ აბულაძე, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, დავით ბეგალაშვილი, ილია ჭავჭანიძე, ლევან ძინძინაძე, გიორგი ლოლაძე.
ტრადიციულად, ევროპის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 3 წრედ ტარდება. მეორე წრეს 24-27 იანვარს ლიტვის ქალაქი პლუნგე უმასპინძლებს, ხოლო მესამე – 21-დან 24 მარტის ჩათვლით ლატვიურ ვენტსპილსში გაიმართება.