ქართველებმა ირლანდია მოილიეს და სლოვაკეთს ელიან

 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. C ჯგუფი.
თბილისი. სპორტის სასახლე. 19 აგვისტო. 19:00
 
საქართველო 98:73 ირლანდია
ესეც მეორე და კვლავ დიდსხვაობიანი გამარჯვება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 25 ქულით დაამარცხა მებრძოლი ირლანდია და ჯგუფში დაგეგმილი პირველი ადგილისკენ მიიწევს, რისთვისაც ბოლო ორ მატჩში სლოვაკეთისა და შვედეთის (ორზე მეტი ქულით) ძლევა სჭირდება.
ირლანდიასთან მატჩს ის ფსიქოლოგიური მუხტი ჰქონდა, რომ რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაგვემარცხებინა მეტოქე. ეს მომენტი კარგა ხანს ბოჭავდა ჩვენებს და მეორე მეოთხედში მოპოვებული 14–ქულიან ლიდერობას ლოგიკირი და საჩვენო გაგრძელება ვერ მოვუნახეთ. ირლანდია ძალიან ხისტად თამაშობდა დაცცვაში და ერთხანს ფარის სრულ ბატონ–პატრონად მოგვევლინა. მეტოქემ ერთ შეტევაში ზედიზედ 6–ჯერ მოხსნა ბურთი და მანამ არ მოისვენა, სანამ საჯარიმოების სროლის უფლება არ მოიპოვა. იმ მომენტში ირლანდიელებმა ჩამორჩენა ორნიშნა ნიშნულს ქვემოთ ჩამოიყვანეს და ჩვენს მწვრთნელს საფიქრალი გაუჩნდა.
პირველი ტაიმი მხოლოდ 10 ქულით მოვიგეთ და მესამეც არასახარბიელოდ დავიწყეთ. ერთხანს შვედეთი 7 ქულამდე მოგვიახლოვდა, თუმცა კოკოშკოვის ხშირმა ცვლილებებმა ნაყოფი გამოიღო და ქართველები მესამე მეოთხედის ბოლოს 16 ქულით გალიდერდნენ.
ვიქტორ სანიკიძე, რომ იტყვიან, დაფრინავდა. რომ არა ერთი მცირე მონაკვეთი, მისი გამჩერებელი არავინ იყო ფარქვეშ. გიორგი ცინცაძე უკანა ხაზში გონივრულად ირჯებოდა და ბოლო მეოთხედში სწორედ მისი გამოზომილი პასებისა და სამულიანების შედეგად გადავლახეთ 20–ქულიანი ზღვარი. ირლანდიელი კონორ გრეისი ბოლო მეოთხედშიც ეცადა, თავისი უცნაური სამქულიანებით გაებათილებინა  თავისიანთა ჩამორჩენა, მაგრამ მიზანი გაუმრუდდა. მანამდე კი მან ლამის შოკში ჩააგდო ქართველი მაყურენელი, ისეთი უხერხული სიტუაციებიდან ესროდა და ათავსებდა ბურთებს ჩვენს კალათში.
ბოლო მეოთხედში შერადინმაც შეაშველა ჩვენებს ხელი, რომელიც ზაზა ფაჩულიას მოედნიდან გავარდნის შემდეგ მობრუნდა მოედანზე. საბოლოოდ ჩვენებმა 25 ქულით იმარჯვეს და შვედეთთან მიმართებაში ბურთების შეფარდება კიდევ უფრო გაიუმჯობესეს.
ქართველები 22 აგვისტოს სლოვაკეთს შეხვდებიან, ხოლო შვედეთი ამ ტურში ისვენებს.
 
მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარები
 
ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ნაკრები დღითიდღე უმატებს და ეს პროგრესი მომდევნო თამაშებშიც უნდა გაგრძელდეს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. ირლანდიელებს ძალისმიერი გუნდი ჰყავდათ და ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ძნელი იყო მათ წინააღმდეგ თამაში. დარწმუნებული ვარ, სლოვაკეთთან და შვედეთთანაც მძიმე მატჩები გველის, მაგრამ დასახულ მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ”.
 
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი. ირლანდიის ნაკრებს, ჩვენგან განსხვავებით არანაირი სატურნირო წნეხი არ ჰქონდა. სტუმრებმა ლაღად ითამაშეს და ესეც იყო მიზეზი, თითქმის ყველაფერი რომ გამოსდიოდათ. მოგება მოგებაა და მინიმალური სხვაობითაც რომ გაგვემარჯვა, უკმაყოფილო არც ამით დავრჩებოდი. წინ საპასუხისმგებლო თამაშები გველის და ჩვენთვის სასურველ შედეგს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ”.
 
ზაზა ფაჩულია: “მოგებულებს არ სჯიან და ცუდს არაფერს ვიტყვი. ნამდვილად გვქონდა ხარვეზები, მაგრამ საბედნიეროდ, სასურველ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ირლანდიასთან გამარჯვება ამ წუთიდანვე უნდა დავივიწყოთ და მთლიანად მომავალ მატჩზე უნდა გადავერთოთ”.
 
ვიქტორ სანიკიძე: “სათანადოდ მობილიზება ვერ მოვახერხეთ, მეტოქეს კი ყველაფერი გამოსდიოდა და ამიტომაც იყო, დიდი წინააღმდეგობა რომ გაგვიწია. ვეცდებით ეს შეცდომა მომავალ მატჩებში აღარ გავიმეოროთ. სლოვაკეთსა და შვედეთს ხომ გაცილებით ძლიერი ნაკრებები ჰყავთ, ვიდრე ლუქსემბურგსა და ირლანდიას”.
ნიკოლოზ რურუა (კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი): “ძალიან კარგი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები გვყავს და სირცხვილიც კია, საქართველო “ბ” დივიზიონში რომ თამაშობს. დღევანდელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. მოწინააღმდეგედ საკმაოდ უხეში გუნდი გვყავდა. ირლანდიელებმა იმაზე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ვიდრე ველოდით. იმედია დარჩენილ მატჩებსაც გამარჯვებით დავასრულებთ და “ა” დივიზიონის საგზურს გავინაღდებთ”.

შვედეთი 64:58 სლოვაკეთი
სატურნირო ვითარება

შვედეთი                  6  6  0  458:369   12
საქართველო      6   5  1  565:427  11
სლოვაკეთი         5  2  3  459:409  7
ირლანდია          6  1  5  448:505  7
ლუქსემბურგი    5  0  5  326:516  5 
 
 
 
 

ვიქტორ სანიკიძე ყველაზე მაღლა დაფრინავდა

გიორგი შერმადინი(#9) თამაშში კარგად ჩაერთო