გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის დიდებული თამაშის წყალობით „ტარტუ როკმა“ ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში სტუმრად, ტალინში, 74:49 დაამარცხა „კალევი“ და დაკარგული მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
ცინცაძემ “როკის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 16-დან 7 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმი ჩააგდო და ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ თანამემამულე ვიქტორ სანიკიძეს ჩამორჩა.
ვიქტორმა მოედანზე გატარებულ 31 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა – ანუ ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. სანიკიძემ 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.
საინტერესოა, რომ გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით (29:29) გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ქართველების შედეგიანი თამაშის წყალობით „როკი“ შეუჩერებელი გახდა და დარჩენილ დროში “კალევი” 25-ქულიანი სხვაობით გაანადგურა.
29 მაისს მე-5 შეხვედრა “როკის” სარბიელზე შედგება, 1 ივნისს გუნდები ტალინში დაბრუნდებიან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, 3 ივნისს ჩემპიონობის გადამწყვეტ მატჩს ტარტუ უმასპინძლებს.