ქართველი ახალგაზრდები ხუთეულს ასცდნენ

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. კოპიე. 25 ივლისი
საქართველო 80:88 ავსტრია
მას შემდეგ, რაც მეორე ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5–8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველ მეტოქედ ავსტრია ერგო. დავით უსტიაშვილის გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ბოლოს აღარ გაუმართლა და დამარცხდა.
როგორც ჩანს, ქართველებს ძალები აღარ ეყოთ და ამიტომაც წააგეს. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ჩვენები 75:72 იგებდნენ, მაგრამ მომდევნო სამწუთეული 10:0 წააგეს და წარმატების იმედიც გადაეწურათ. საერთოდ კი ბოლო 6 წუთი ჩვენებმა 18:5 დათმეს, რასაც არც ერთი მეტოქე არ გაპატიებს.
ქართველები კარგად ესროდნენ სამქულიანებს და მეტოქეს ამ კომპონენტში აჯობეს, თუმცა საშუალო დისტანციიდან ავსტიელებმა შესაშუარი სამიზნე გამოაჩინეს – 47 ცდიდან 30 ჩააგდეს და თუკი გავითვალისწინებთ, რომ 5–ჯერ მეტი ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნეს, ჩვენების წაგების მიზეზიც ცხადი გახდება.
ჩვენიანებს ულიდერა კოკა ტომარაძემ, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, თუმცა მას მხარი სათანადოდ ვერ აუბა აქამდელ მატჩებში გამორჩეულმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 12 ქულა კი მიითვალა, მაგრამ 6 შორეული ტყორცნიდან მიზანში ერთიც ვერ გაარტყა.
საქართველომ მეხუთე–მეექვსე ადგილებზე გასვლის შანსი დაკარგა და ხვალ მე–7 ადგილისთვის მატჩში მაკედონია–ფინეთს შორის დამარცხებულს შეერკინება.
 

ბურთითაა რიჩარდ მათიაშვილი