ქართველი კადეტები ფინეთის დამარცხების იმედად დარჩნენ

ევროპის 16–წლამდელთა ჩემპიონატი. პორტუგალია. 8 აგვისტო
დანია 76:61 საქართველო
 
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე მატჩი წააგო. გია კაზანჯიანის გუნდი პირველ ტურში ფინეთის მომგებ დანიას შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი მოიგო, საბოლოოდ ძალები აღარ ეყო მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად.
ქართველებმა პირველ ტურში ირლანდიას მოუგეს და დანიაც რომ დაემარცხებინათ, ჯგუფიდან გადიოდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს და ახლა ყველაფერი ჯგუფის ბოლო მატჩზე ჰკიდია, რომელშიც კაზანჯიანის გუნდის მეტოქე ფინეთი იქნება. ძნელია განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი მეტოქის სიძლიერე, თუმცა ის კი ვიცით, რომ ფინელებმა დანიელებთან 7 ქულა წააგეს, ჩვენებმა კი – 15.
გუშინდელი მატჩი ქართველებმა კარგად დაიწყეს და საწყისი მეოთხედი 17:13 მოუგეს დანიელებს. მცირე შესვენების შემდეგ ჩრდილოელებმა იძალეს და ანგარიში ხომ გაათანაბდეს, დიდი შესვენებისთვის 9–ქულიან უპირატესობასაც დაეპარტონნენ: 37:28.
ჩვენიანთაგან სამმა მოთამაშემ (ბექა ბურჯანაძე, ნიკა რამიშვილი, გიორგი ღვალაძე) 16–16 ქულა დააგროვა. ბურჯანაძე, რომელიც 2 მეტრასაა აცილებული, პერიმეტრზე ადიოდა და შორიდან უტევდა დანიელებს. მთლიანობაში მან 11(!) სამქულიანი ისროლა, საიდანაც 3 ჩააგდო, ხოლო რამიშვილმა 4–დან ყველა სამიანი მოათავსა დანიელთა კალათში. საინტერესოა, რომ ამ სამეულის გარდა ვერც ერთი ჩვენიანი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მათგან ვერავინ ვერ მოაგროვა 3 ქულაზე მეტი.
მეორე ტაიმში ქართველებმა სიტუაცია ვეღარ გამოასწორეს – ჩვენებმა ფარი პირწმინდად წააგეს (28:49) და ასეთ ვითარებაში ჩვენები გამარჯვებაზე ვერც იფიქრებდნენ.
ქართველი 16–წლამდელები ხვალ, 10 აგვისტოს ფინელებს შეხვდებიან და თუ მოიგეს, ჯგუფიდან გავლენ.
 
 
დანია                       2          2          0          4
საქართველო            2          1          1          3
ფინეთი                    1          0          1          1
ირლანდია               1          0          1          1