ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მორიგი საკონტროლო მატჩები გაიმართა და საქართველოს ნაკრების წევრებსაც მოუხდათ თავის გამოჩენა.
თორნიკე შენგელიას “პეპინსტერი” ახალი სეზონისთვის ჯერ ჰოლანდიაში ემზადებოდა, შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა, ახლა კი საფრანგეთს მიაშურა და მეორე დივიზიონის “შალონს” გაეჯიბრა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მასპინძლებმა 72:66 იმარჯვეს. ბელგიელთა რიგებში საუკეთესო ფრიმანი იყო, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. შენგელიამ ფარზე კარგად იმუშავა – მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 6 ქულაა.
ესპანეთში ერთნაირი ქულათა მონაგარი აჩვენეს ნიკა ცქიტიშვილმა და ტორინ გრინმა. ორივემ 2-2 ქულა ჩააგდო. ნიკას “ლაგუნ არომ” ბილბაოს “ბისკაიასთან” ვერაფერი გააწყო – 60:77. მატჩის ბედი, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც “ლაგუნ არომ” 5:20 დათმო. თუ ბილბაოში ბასკური დერბი შედგა, ტორინ გრინმა კანარის კუნძულების დერბიში მიიღო მონაწილეობა. მისმა “გრან კანარიამ” “ტენერიფეს” 73:53 აჯობა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გრინმა 2 ქულა ჩააგდო, ხოლო პასებში საუკეთესო იყო – 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.