“ქართველი” პულენი ბარსელონაში ქართველებს დაუპირისპირდა

“ქართველი” პულენი ბარსელონაში ქართველებს დაუპირისპირდა

ქართველი კალათბურთელების “სარაგოსა” ესპანური პრიმერადივიზიონის გასულ ტურში კატალონიურ გრანდთან უშანსოდ დამარცხდა. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდი ესპანური ლიგის ერთ-ერთ ლიდერ “ბარსელონას” სტუმრად შეხვდა და შეხვედრა 23 ქულის სხვაობით – 50:73 დათმო.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21:19 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო. 22:01 წუთი ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის მონაგარიც 5 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი იყო. ვიქტორმა 5-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა,.
 “ბარსელონას” შემადგენლობაში 19:08 წუთი ითამაშა ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ამერიკელმა უკანახაზელმა 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულას 1 პასი წაამატა.
სარაგოსელებს თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) მოუგროვდათ და ესპანურ ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფებიან. მორიგი შეხვედრა არაგონულ კლუბს 7 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე, “ფუენლაბრადასთან” ელის.

ჯეიკობ პულენი და გიორგი შერმადინი