ქართველმა 14-წლამდელებმა 4-დან 4 მატჩი მოიგეს და სანკტ-პეტერბურგში პირველობა გაინაღდეს

ქართველმა 14-წლამდელებმა 4-დან 4 მატჩი მოიგეს და სანკტ-პეტერბურგში პირველობა გაინაღდეს

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების ტრიუმფით მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპი სანკტ-პეტერბურგში, სადაც თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა 18 მარტს 2 ადგილობრივ გუნდს სძლიეს, 19-ში კი კიდევ 2 რუსული კლუბი დაამწუხრეს და მესამე ეტაპზე პირველობა გაინაღდეს.
ქართველები 20 მარტს აუტსაიდერს, სანკტ პეტერბუგში ყველა მატჩის წამგებ პოლონურ „პომერანიას“  შეხვდებიან და რომც დამარცხდნენ, სანკტ-პეტერბურგის ტურის გამარჯვებულები გახდებიან. თუმცა ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება გამარჯვება, რადგან საერთო ჩათვლაში ქულები დააგროვოს და სუპერფინალში მოხვდეს.
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ამ სეზონში აქამდე 2 ეტაპში მიიღო მონაწილეობა. ნოემბერში ესტონეთში 5-დან 3 მატჩი მოიგო, ხოლო იანვარში ლატვიაში 5-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა. სანკტ-პეტერბურგის ტურში კი ქართველებს 4-დან 4 გამარჯვება აქვთ და მეხუთესაც თუ მოიგებენ, დიდი ალბათობით 16-გუნდიან საერთო ცხრილის ოთხეულში მოხვდებიან და სუპერფინალში გავლენ.

რაც შეეხება 19 მარტს გამართულ მატჩებს, ქართველებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლები გადაიტანეს. პირველ შეხვედრაში „ადმირალტეისკაიასთან“ ბოლო წამებზე – 47:44 გაიამრჯვეს. მოგების მომტანი საჯარიმოები ირაკლი კილაძემ და ზურა ვაშაკიძემ ჩააგდეს, ვოვა თავაქარაშვილმა კი რუს ვლადისლავ მალცევს გამთანაბრებელი სროლისას დაუფარა. საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულით დათა გოგაძე და თავაქარაშვილი გამოირჩნენ. 9 ქულა, 9 მოხსნა და 5 ჩაჭრა კილაძის ანგარიშზეა, ხოლო გიორგი ბიგანაშვილმაც 9 ქულა მიითვალა.
მეორე მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ქართველებმა ამჯერადაც 3 ქულით იმარჯვეს – ქალაქ ბრატსკის ამავე სახელწოდების გუნდს 54:51 სძლიეს. ბოლო ქულები საჯარიმოს ხაზიდან ამჯერადაც ირაკლი კილაძემ და ზურა ვაშაკიძემ მიითვალეს, მანამდე კი ალექსანდრე მერკვილაძე გამოირჩა ორქულიანით. ამ უკანასკნელმა ჩვენს გუნდს ორმაგი დუბლით – 17 ქულა-10 მოხსნით ულიდერა. საბა გაჩეჩილაძემ 11 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ირაკლი კილაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
ადმირალტეისკაია – საქართველო        44:47ბრატსკი – საქართველო                        51:54