ქართველმა 16-წლამდელებმა ლუქსემბურგი გაანადგურეს და დღეს ჩეხეთს ქომაგობენ

ქართველმა 16-წლამდელებმა ლუქსემბურგი გაანადგურეს და დღეს ჩეხეთს ქომაგობენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება რიგით მე-3 მატჩში მოიპოვა. ჩეხეთთან და უნგრეთთან დასანანი წაგებების შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდმა ლუქსემბურგი გაანადგურა.
საქართველოს ნაკრებს წამით არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა და ყველა მეოთხედის იოლად მოგების შემდეგ საბოლოოდ 44-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 83:39.
საქართველოს ნაკრებში 24 წუთზე მეტი არავის უთამაშია. მეტოქე იმდენად შეუძლო იყო, რომ ქართველებმა მას ვარჯიშ-ვარჯიშ მოუგეს. 5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. გიგი გოგობერიშვილმა 16 ქულა მოაგროვა, 15 – ვალერი ცქიფურიშვილმა, 13- გიორგი ცირეკიძემ, ხოლო დავით ლომიძემ და ვილი ისიანმა – 12-12.

ქართველებისთვის ამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი ავსტრია-უნგრეთის მატჩის შედეგი იყო. საქართველოს ნაკრებს ავსტრიელთა გამარჯვება უნდოდათ, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ 2 საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი შენარჩუნებოდათ. ასეც მოხდა. ძალიან დაძაბულ – ოვერტაიმიან მატჩში ავსტრიამ 76:71 დაამარცხა ქართველების მომგები უნგრეთი.
11 აგვისტოს უფრო მნიშვნელოვანი მატჩია. უნგრეთი ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერ ჩეხეთს ხვდება. თუ ჩეხეთი მოიგებს, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ეძლევა. კაზანჯიანის გუნდი დღეს ბელარუსს ხვდება, რომელმაც ლუქსემბურგთან წააგო და ქართველებთან განწირულია. საქართველოს ბოლო ტურში ავსტრიის 5 ქულით მოგება უნდა და ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებს. როგორც ვთქვით, ეს იმ შემთხვევაში, თუკი დღეს ჩეხეთი უნგრეთს მოუგებს.
ასე რომ, დღეს ქართველები ჩეხეთს ქომაგობენ, მანამდე კი, თბილისის დროით 19:30 საათზე, საქართველო ბელარუსს ხვდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 10 აგვისტო
საქართველო 83:39 ლუქსემბურგი
21:7, 29:16, 21:10, 12:6
სრული სტატისტიკა: 83:39
 
 

1.

ჩეხეთი

3

3/0

225/159

6
2.

უნგრეთი

3

2/1

225/189

5
3.

ავსტრია

3

2/1

191/208

5
4.

საქართველო

3

1/2

193/154

4
5.

ლუქსემბურგი

3

1/2

160/235

4
6.

ბელარუსი

3

0/3

171/220

3