ქართველმა 20–წლამდელებმა ჰოლანდიაში მასპინძელთა 3 წლით უფროსი ასაკობრივი ნაკრები დაამარცხეს

ქართველმა 20–წლამდელებმა ჰოლანდიაში მასპინძელთა 3 წლით უფროსი ასაკობრივი ნაკრები დაამარცხეს

20-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიური შეკრება მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ამხანაგურ მატჩში მასპინძლეთა 3 წლით უფროს ასაკობრივ ნაკრებს მოუგო და სამშობლოში თავაწეული ბრუნდება.
 
ქართველებმა 1 ივლისს ჰოლანდიის 20–წლამდელთა ნაკრები 23 ქულით გაანადგურეს, ხოლო გუშინ ავსტრიელ თანატოლებთან დაძაბულ ბრძოლაში 82:89 წააგეს. დღეს ბოლო შეხვედრა გაიმართა და უსტიაშვილის გუნდმა ჰოლანდიელთა 23–წლამდელთა ნაკრებს 87:83 მოუგო. მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების თავკაცს ჰოლანდიაში შევეხმიანეთ.
 

საქართველოს ნაკრების წევრები ზვოლეს საკალათბურთო დარბაზში
 
– მაგარი ჯახი იყო, მეტოქეს უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული კალათბურთელები ჰყავდა. ისინი ჩვენს ბიჭებზე 2–3 წლით უფროსები იყვნენ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად გავართვით თავი და გავიმარჯვეთ.
– ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. ალბათ დაძაბული ფინალი იყო…
– არც ისე. ბოლო წუთზე დამაჯერებლად ვლიდერობდით. ჰოლანდიელებმა ბოლო წამზე ჩაგვიგდეს სამქულიანი, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო და სხვაობაც 4 ქულამდე შემცირდა. ისე კი, თავიდან ვაგებდით, მაგრამ მეორე მეოთხედში გარდატეხა მოვახდინეთ და დიდი შესვენებისთვის სამი ქულით, 40:37 დავწინაურდით. მესამე პერიოდში ჩვენმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და ლიდერობა თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ.
– სტატისტიკა ისევ არ იყო და რატომ?
– ეს არ იყო ოფიციალური ტურნირი. ზვოლეში ჩვენს გარდა სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები არიან ჩამოსულნი. აქ არიან ავსტრიისა და ისრაელის 18–წლამდელებიც, რომლებსაც ჩვენ არ შევხვედრილვართ. ტარდება ამხანაგური მატჩები, სტატისტიკას არ ითვლიან. თამაშები დილიდან იწყება და საღამომდე გრძელდება. დარბაზში საკმაოდ ბევრი მაყურებელი იყრიდა თავს.
– დღევანდელ მატჩში ვის გამოარჩევდით?
– ყველამ ბოლომდე იბრძოლა და არავის გამორჩევა არ მინდა. ჩვენი ლიდერი თორნიკე შენგელიაა და მან ამჯერადაც თქვა თავისი სიტყვა, რომელსაც ყველა თანაგუნდელი გვერდში ედგა და ეხმარებოდა.
– როდის ბრუნდებით თბილისში და რას იტყვით ჰოლანდიური შეკრების შესახებ?
– ძალიან საჭირო შეკრება იყო. ბიჭებმა იმ შრომის ნაყოფი დამანახეს, რაც თბილისში, შეკრებაზე გავწიეთ. გუნდი უკვე ერთიორად შეთამაშებულია და ევროპის ჩემპიონატზეც იმედიანად გავემგზავრებით. თბილისში ხვალ შუადღეს მოვემგზავრებით და შეკრებას დიღმის ბაზაზე გავაგრძელებთ.  
 

ჰოლანდიაში: ბექა ჩიკვილაძე, დუდა სანაძე, სოსო ლეჟავა,
აკაკი ლომოური, აკაკი დვალიშვილი
 
 
საქართველო: შენგელია 30, დვალიშვილი 14, სანაძე 12, თენიეშვილი 9, ბოქოლიშვილი 6