საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წარმატებული დღე ვალმეირაში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ლატვიაში მიმდინარე ტურნირისპირველ დღეს ქართველებმა 1 მატჩი მოიგეს, 1-იც წააგეს, ხოლო დღეს ორივე შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თავდაპირველად ბელარუსულ ბსეუ-ს სძლია. გუნდური თამაშის წყალობით საქართველოს ნაკრებმა მინსკური გუნდი 43 ქულით -85:42 დაამარცხა. ჩვენებმა ისე იოლად აჯობეს მეტოქეს, რომ კარგი ვარჯიში გამოუვიდათ.
ქართველთაგან 17 ქულით ბომბარდირი გახდა რატი ნუცუბიძე, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ და გიორგი კორსანტიამ ორმაგი დუბლები გაიფორმეს. პირველმა 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო კორსანტიამ 10 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა. გამოირჩა ტარიელ ზუზაძეც, რომელმაც 15 ქულა მიითვალა.
მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების წევრებს ცოტა ჯაფა დაადგათ, მაგრამ მეტოქეს მაინც დამაჯერებლად სძლიეს. ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქე გახლდათ ადგილობრივი „რიგა-იუგლა“, რომელსაც ჩვენებმა 25 ქულით – 76:51 აჯობეს. ამჯერად ბომბარდირი 15 ქულის მომგროვებელი გიგი გოგობერიშვილი გახდა, 12 მიითვალა რატი ნუცუბიძემ, ხოლო საერთო შდეგიანობით დავით აფხაზავა გამოირჩა, რომელმაც პირად ანგარიშზე 9 ქულა და 7 პასი ჩაიწერა.
საქართველოს ნაკრები მეორე ტურს მასპინძელ „ვალმეირასთან“ მატჩით დაასრულებს, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბოლო, მე-3 ეტაპს 23-26 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩაატარებს.
საქართველო – ბსეუ (ბელარუსი) 85:42 (სტატისტიკა) რიგა (ლატვია) – საქართველო 51:76 (სტატისტიკა)