საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თელ ავივის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა წააგო. რუსეთთან წარუმატებელი მატჩის შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ქართველები მასპინძელ ისრაელს შეხვდნენ და 22 ქულის სხვაობით – 63:85 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მასპინძელთა დარად 8 სამქულიანი ჩააგდეს და მოხსნებშიც მხოლოდ 2 ერთეულით ჩამორჩნენ ოპონენტს. განსაკუთრებული სხვაობა ორქულიან სროლებში იყო. ისრაელის ნაკრებმა 24 ორიანი ჩააგდო, ქართველებმა კი – მხოლოდ 15.
რუსეთთან მატჩის მსგავსად, ქართველების აქილევსის ქუსლი ბურთის კონტროლი გახლდათ. ჩერქეზიშვილის გუნდის წევრებმა 25 ბურთი დაკარგეს მასპინძლების 15-ის საპირისპიროდ. მხოლოდ მეორმე პერიოდი გამოდგა თანაბარი, რომელიც 19:19 დასრულდა, დანარჩენ მეოთხედებში კი ებრაელთა უპირატესობა აშკარა იყო.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დავით ლომიძე გამოირჩა. 10-10 ქულა მოაგროვეს ვილი ისიანმა და სოსო გოგნაძემ. ამ უკანასკნელმა მატჩში უმეტესი – 8 მოხსნაც მიითვალა. მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო სპარინგ მატჩს ჰოლანდიის ნაკრებთან გამართავს, რომელსაც ქართველების მსგავსად 2 მარცხი გააჩნია.
საქართველო 63:85 ისრაელი 14:21, 11:20, 19:19, 19:25 სრული სტატისტიკა: 63:85