ქართველთა გმირობის ამბავი

ქართველთა გმირობის ამბავი

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან საქართველოს ნაკრები გმირია. გმირობობა ისეთი რამეა, მოგებული ხარ თუ წაგებული, მნიშვნელობა არა აქვს – გმირი ხარ და მორჩა. მთავარი ამ საქმეში ისაა, რომ რაიმე ისეთი გააკეთო, რასაც ყოველი მეორე ვერ შეძლებს.
 
სიტყვა „გმირი“ მხოლობითი სიტყვაა, საქართველოს ნაკრებიც მხოლობითია, მაგრამ იგი რამდენიმე ადამიანისგან შედგება. მიუხედავად ამისა, იმის თქმას, რომ ჩვენი ნაკრების წევრები გმირები არიან, მირჩევნია ვთქვა მთლიანად გუნდზე, რომ გმირია და იცით რატომ? ძნელია ამ ბიჭების ცალ–ცალკე გამორჩევა – საქართველოს ნაკრები ერთი მთლიანობაა და ეს გუშინდელ მატჩში ყველამ კარგად დაინახა.
 

 
მოდით, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა და ფაჩულიას გარეშე მაკედონიასთან ბოლო წამზე წააგებსო, დაიჯერებდით? ეს კიდე არაფერია: გუნდთან, რომელიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 მოგებით შემოვიდა (საქართველო 0 მოგებითაა) ჩვენს ნაკრებს მეორე მეოთხედში ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტრავმის გამო გამოაკლდა. მესამე მეოთხედში მაკედონიამ მშვენივრად გამოიყენა ჩვენი ლიდერების არყოფნა და 14 (!) ქულიან უპირატესობას მიაღწია – 52:38. და ამის შემდეგ საქართველომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე ციტიშვილმა საჯარიმებით ანგარიში 63:63 გახადა.
 
მერე რა, რომ დარჩენილ დროში ქართველებმა წაგების ტოლფასი ბურთი მიიღეს – ეს ვერანაირად ვერ აკნინებს მათ თავდადებას. მაგრამ არსებობს სხვა და არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ: სატურნირო ვითარება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა:  გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ხომ ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატი ხდებოდა.
 
თამაშის ბოლო წამებზე, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ჩვენც თავისთავად ძალიან ვნერვიულობდით. საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე ნიკოლოზ ცქიტიშვილი საჯარიმოს ხაზზე რომ დადგა, მედია ტრიბუნის იმ მხარე გავიხედე, სადაც რუსები იჯდნენ. არ ვიცი, სატურნიროდ სჭირდებოდათ თუ რა იყო – ისინი ქართველებს ქომაგობდნენ. სხვა სლავი ჟურნალისტების რა მოგახსენოთ და რუსეთის ნაკრების პრეს–ატაშე ჩემპიონატის დაწყებამდე, კლაიპედაშივე გამომეცნაურა. ჩემს ძარღვებში გარკვეული ოდენობით ქართული სისხლიცაა და იცოდეთ, რომ მთელი გულით გქომაგობთო. ის ადამიანი მას მერე ხშირად ვნახე და როცა მოვიგებდით, მილოცავდა, როცა ვაგებდით, გვამხნევებდა და მონდომებას გვიქებდა.
 
და მარტო ეს რუსი როდია, საქართველოს ნაკრებისადმი სიმპათიას რომ გამოხატავს. გუშინ გიორგი ცინცაძის ტრავმით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ შეწუხებულები. აქამდე ხომ სულ ფაჩულია ეკერათ პირზე და ჩვენი კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდნენ, ხოლო გუშინ ცინცაძემაც დააინტერესათ. მაკედონიასთან მატჩამდე ვისთანაც მომიწია გასაუბრება, ყველა ამბობდა, ზაზა რომ გყავდეთ, მოგების რეალური შანსი გექნებოდათო. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მოგების რეალური შანსი ზაზას და გიორგის გარეშეც კი გვქონდა.
 
ჩვენი ნაკრები ვილნიუსში უკვე მონათლულია როგორც ყველაზე შეუპოვარი და ჯიგრიანი გუნდი. ტრავმებისგან დაჩაგრული, კაპიტან – გამთამაშებელ დაკარგული, მაგრამ მაინც ბოლომდე მებრძოლი და ვერავისგან გაუტეხელია იგორ კოკოშკოვის კრებული. საქართველოს მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს შანსი, რომ ორივე გამარჯვების შემთხვევაში კოკოშკოვის გუნდი მეოთხედფინალში გავიდეს. ფაჩულიას და ცინცაძის არყოფნის მიუხედავად ჩვენი ნაკრების წევრები ჯგუფიდან გასვლაზე რეალურად ფიქრობენ და საბოლოოდ ესეც რომ არ მოხდეს, მათ გმირობაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.
 
საქართველოს ნაკრები უკვე გმირია და ეს მაკედონიასთან მატჩში დაამტკიცა!