თაისელებმა საჩემპიონო საქმის ნახევარზე მეტი მოითავეს. იმერეთის სიამაყე გუნდმა დღეს სპორტის სასახლეში პირველი ფინალური მატჩი მოუგო „მართვე–3“–ს და თუკი 1 მაისს მშობლიურ ქალაქშიც იმარჯვებს, ჩემპიონია.
ზვიად ცერცვაძისა და მალხაზ კოხრეიძის გუნდს თბილისში 2 ავტობუსი გულშემატკივარი ჩამოჰყვა, რაც ერთი თვალის შევლებითაც ჩანდა: ქუთათურთა სათადარიგოთა სკამის უკანა სექტორი, რომელიც ორასამდე კაცს იტევს, თითქმის მთლიანად გავსებული იყო. ქუთაისელები დედაქალაქში თავიანთი ჩემპიონი გუნდის მხარდასაჭერად იყვნენ ჩამოსულნი და მხურვალე ქომაგობით კალათბურთელებს გვარიანი დახმარებაც გაუწიეს.ჩემპიონები ვახსენეთ და აღვნიშნოთ, რომ ქუთაისელები საკუთარი ასაკის ჩემპიონატებს ყოველთვის იგებდნენ. ისინი შარშანდელი 15–წლამდელთა პირველობის გამარჯვებულები არიან, წლეულს კი 16–წლამდელებში გაჩემპიონებასაც ლამობენ.თუკი ლოგიკურად მივუდგებით, ქუთაისელებს არ უნდა გაუჭირდეთ გამარჯვება, რადგან იმერლებმა გასვლითი მატჩი მოიგეს, ხოლო შინაურ არენაზე ამ გუნდის მარცხი არავის ახსოვს. რა როგორ იქნება, 1 მაისს ქუთაისში გამოჩნდება, დღეს კი იმერლებმა სპორტის სასახლეში იოლი, თუმცა ნერვიულობის ფასად დამჯდარი გამარჯვება მოიპოვეს. მართველები მეორე მეოთხედიდან ათამაშდნენ და პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს. ბექა აბდუშელიშვილმა და არჩილ ფეიქრიშვილმა სოლიდური უპირატესობა დაუბევეს ხათუნა გაბედავას გუნდს და ქუთაისელებს ხელ–ფეხი შეეკრათ.მეორე ტაიმიდან სტუმრები აბობოქრდნენ, ათწუთეული 6 ქულით მოიგეს, თუმცა რაც მათ ბოლო მეოთხედში გააკეთეს, იშვიათად ხდება ხოლმე ფინალურ მატჩებში…გადამწყვეტი პერიოდის საწყისმა ოთხმა წუთმა უქულოდ ჩაიარა, თუმცა მერე ქუთაისელებს ყველაფერი გამოუვიდათ და დარჩენილ დროში სტუმრებმა 22:3 დაჯაბნეს მასპინძლები. მოხსნები – აი, ქუთაისელთა წარმატების მთავარი მიზეზი. იმერლები ბევრ ბურთებს კი აცილებდნენ, მაგრამ ფარზე ყოჩაღობდნენ და ხელმეორედ შეტევის უფლებას იტოვებდნენ. საბოლოოდ ქუთათურებმა 62 ბურთი მოხსნეს, თბილისელებმა კი – 39. ამით ყველაფერია ნათქვამი.