თავდაცვის სამინისტროს გუნდ „არმიის“ დებიუტი სუპერლიგაში უიღბლო გამოდგა. წამყვანი ქართველი მოთამაშეებით
დაკომპლექტებულმა არმიელებმა „ქუთაისთან“ წააგეს.
ქუთაისელებმა პირველ ტურში შინ „ენერჯი–ინვესტთან“ წააგეს და ტბილისში
მოსაგებად ჩამოვიდნენ. მაგრამ სურვილი ერთია და რეალური შედეგი – მეორე. იმერელთა
მეტოქე რჩეული მოთამაშეებით სავსე „არმია“ გახლდათ – გუნდი, რომელსაც სპორტის
სასახლეში 4 ათასამდე გულშემატკივარი მოჰყვა. დიახ, დღეს სპორტის სასახლეში
გამართულ ცენტრალურ მატჩს 4000 მაყურებელი დაესწრო. ამდენი მაყურებელი გასული
სეზონის ფინალურ მატჩებს არ ჰყოლია და თუკი არმიელები ასე გააგრძელებენ
მხარდამჭერთა მოზიდვას, ამით სუპერლიგას ლაზათი და ხიბლი შეემატება.
ამის გარდა, არმიელებს მოტივაცია შემატა თავდაცვის მინისტრის მათ
საგულშემატკივროდ მოსვლამ. ერთი სიტყვით, ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ „არმიას“
გაემარჯვა, მაგრამ ქუთაისელებმა მცირე სასწაული მოახდინეს, როცა მთელი თამაშის
განმავლობაში იდეალურად იტამაშეს და არც მაშინ არ გატყდნენ, როცა მრავალხნიანი
მცდელობის შემდეგ არმიელებმა ბოლო მეოთხედში ლიდერობა მოიპოვეს.
თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ქუთაისელთა უპირატესობა
გამოიკვეთა, რაც ძირითადად იმერელთა უკანახაზელების – ბუბა კვიმსაძისა და ბუბა
ბერიშვილის დამსახურება გახლდათ. დიდი შესვენების შემდეგ ქუთათურები 9 ქულით
იგებდნენ, მესამე მეოთხედში კი არმიელებმა ძალა მოიკრიბეს – შეცვლაზე შესულმა გიორგი პირველაშვილმა 4
სამქულიანი ჩააგდო და ანგარიშიც გათანაბრდა – 66:66 მესამე მეოთხედის ბოლოს.
ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ქუთაისელები ბოლო მეთხედშიც არ
გატყდებოდნენ და საბოლოოდ გამარჯვებას იზეიმებდნენ. ვერც კოტე ტუღუშმა, ვერც ზვიად
ბაბაიაშვილმა, ვერც ანატოლი ბოისამ და ვერც დავით უგრეხელიძემ ვერ მოახერხეს
თამაშის საკუთარ თავზე აღება და არმიელთა გადარჩენა. უგრეხელიძე და ბოისა ბოლო
მეოთხედში სულაც მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდნენ. გადამწყვეტი აღმოჩნდა
18 წლის ავთანდილ ლომინაშვილის უშიშარი და დიდებული თამაში, რომელმაც ბოლო
მეოთხედში ტოლი არაფერში დაუდო ეროვნული ნაკრების ყოფილ და მოქმედ წევრებს და სამწამიანიდან
არმიელების კალათს ლაშქრავდა. ბოლო წამებზე სწორედ ლომინაშვილმა ითავა ყველაზე
მნიშვნელოვანი სროლის განხორციელება. ქუთაისელები 1 ქულით იგებდნენ, თამაშის
დასრულებამდე 16 წამი რჩებოდა და ამ დროს ლომინაშვილი არმიელთა კალათისკენ დაიძრა და ერთობ რთული პოზიციიდან
იხეირა. ქუთაისელთა უპირატესობა 3 ქულამდე გაიზარდა და დარჩენილ დროში არმიელებმა
ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
არანაკლებ საინტერესო შედეგი დაფიქსირდა დღევანდელ პირველ შეხვედრაში. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს მოუგო. თითქოს
არაფერი, მაგრამ თუ გადავხედავთ გუნდების შემადგენლობას, მაშინ ეს შედეგი მართლაც
გამორჩეულია. საქმე ის გახლავთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის გუნდი თითქმის სულ
ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. გუნდის ყველაზე ხნიერი მოთამაშე 23 წლის ნოდარ
სიგუაა, დანარჩენები 19,20 და 21 წლის ბიჭები არიან. მედიკოსებს კი გუნდში ჰყავთ
არაერთი გამოცდილი და წამყვან ქართულ
გუნდებში ნათამაშები კალათბურთელები – თორნიკე ნინიაშვილი, პლასიდე როდუმტა,
ირაკლი კეიდია, მიხეილ ჭოჭუა, ირაკლი გულისაბედაშვილი.
აგრარელებმა პირველი მეოთხედის 11:22 წაგების შემდეგ მოინდომეს,
გაიჭირვეს, მწვრთნელის დავალებები პირნათლად შეასრულეს და დარჩენილი სამივე
მეოთხედი მოუგეს მედიკოსებს. აღსანიშნავია გიორგი ხანიაშვილის შედეგიანი ტამაში,
ასევე კახა მუმლაძის ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11 მოხსნა) და რევაზ ჩაჩანიძის საჭირო
სამქულიანები. საბოლოოდ აგრარული უნივერსიტეტის გუდმა 63:57 იმარჯვა.
მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა 55
ქულის სხვაობით დააამარცხა „დინამო“. გამარჯვებულთაგან 23 ქულით ტროი კოტონი
გამოირჩა, სოსო შერმადინმა კი თამაში 15 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. 17 ქულა
მოაგროვა შსს–ს 20 წლის ახალგაზრდა ახალწვეულმა კოკა ტომარაძემ, დინამოელთაგან კი
22 ქულა ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზეა.
II ტურის მატჩების სრული სტატისტიკა: www.superleague.ge/calendar.php?round=1&tour=2