ქუთაისმა ამრას სძლია და დაკარგული ქულებით მხოლოდ დაუმარცხებელ თსუ-ს ჩამორჩება

ქუთაისმა ამრას სძლია და დაკარგული ქულებით მხოლოდ დაუმარცხებელ თსუ-ს ჩამორჩება

სუპერლიგის მე-9 ტური ქუთაისში დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისი 2010”-მა გაგრის “ამრას” უმასპინძლა და 105:94 (სტატისტიკა) დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვა და რომ არა ნაკლული მატჩები, ცხრილში გაცილებით მაღლა იქნებოდა. დაკარგული ქულებით ქუთაისელები მე-2 ადგილზე არიან დაუმარცხებელი თსუ-ს შემდეგ. 

დღევანდელი მატჩის მოგება ქუთაისელთათვის იოლი არ ყოფილა. ამრა ყველა მეტოქეს ბოლომდე ებრძვის და თუ აგებს, ბრძოლაში. გუნდმა მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ უფრო მებრძოლი ხასიათი შეიძინა, თუმცა ბოლომდე ნაბიჯის გადადგმა უჭირს. სლოვენიელი სპეციალისტის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია. გუნდს 2 მოგება აქვს 6 წაგების წილ და ანალოგიური შედეგის მქონე ტყიბულის ორბთან ბოლო ადგილებს იყოფს.

ქუთაისში წარმატების შანსი ამრას ნამდვილად ჰქონდა, თუმცა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ბოლო პერიოდში, როცა თამაშის დასრულებამდე შვიდიოდე წუთი რჩებოდა, გაგრელთა მთავარმა ლიდერმა, ლუკა მაზიაშვილმა ზედიზედ 2 ტექნიკური ჯარიმა მიიღო და ავტომატური დისკვალიფიკაციის გამო თამაში დატოვა. არადა, იმ მომენტისთვის ამრა მხოლოდ 4 ქულას (77:81) იგებდა, მაზიაშვილს კი 26 ქულა ჰქონდა მოგროვებული. არადა, მომენტი უწყინარი იყო. მაზიაშვილზე ქუთაისელი მეურვე დაჯარიმდა და ამრას უკანახაზელმა ამაზე პროტესტი გამოხატა, რის გამოც პირველი ტექნიკური მიიღო. მან პროტესტის გამოთქმა სათადარიგოთა სკამიდანაც გააგრძელა და მეორე ტექნიკური მიიღო.

ამის შემდეგ ამრას წარმატების შანსი აღარ ჰქონია. მაქსიმუმს აკეთებდა გამოჯანმრთელებული მალიკ ტიდველი და თავი 27 ქულასაც მოუყარა, მაგრამ ქუთაისის დასამარცხებლად ამან არ იკმარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობას არ თმობდა. გუნდური თამაშისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე მასპინძლებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს, რაშიც ლომის წილი გიორგი კორსანტიასია. ეროვნული ნაკრებისა და ქუთაისის ფორვარდმა 23 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 21 ქულა მოაგროვა ელაია ჯოინერმა. 15 ქულა გიორგი სულაბერიძის, ხოლო 14 მარქილ სმიტის ანგარიშზე დაგროვდა. ქუთაისელთა კაპიტანმა, აკაკი დვალიშვილმა თავი 12 ქულას მოუყარა. 

სუპერლიგის მე-10 ტური 20, 21 და 22 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი, 18 დეკემბერს, ქუთაისი გამოტოვებულ მატჩს ვსა-სთან, თბილისში ჩაატარებს.

ფოტო: BC KUTAISI 2010