ქუთაისმა და ენერჯიმ ტური მოგებებით გახსნეს

ქუთაისმა და ენერჯიმ ტური მოგებებით გახსნეს

დღეს ქუთაისსა და რუსთავში მე–8 ტურის 2 მატჩი გაიმართა. „ენერჯიმ“
„ბათუმს“ უმასპინძლა და 74:68 დაამარცხა, ხოლო ქუთაისელებმა დაძაბულ ბრძოლაში 5
ქულის სხვაობით მოუგეს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს.

მართალია, ორივე მატჩის ანგარიშში სხვაობა თითქმის თანაბარია, თუმცა
იმერეთში უფრო დრამატული და ემოციებით აღსავსე ორთაბრძოლა იყო. ქუთაისელებმა
მესამე მეოთხედში მოპოვებული 18–ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და ბოლო წუთებზე
ჩამორჩნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხეს მობილიზება და მატჩი სათავისო
შედეგით დაასრულეს.

მასპინძლებმა მესამე მეოთხედის 5–წუთიანი მონაკვეთი გიორგი ბარბაქაძის
აქტიურობის შედეგად 17:4 მოიგეს და 66:48 დაწინაურდნენ. თითქოს ეს უნდა გამხდარიყო
მედიკოსთა გატეხვის მომენტი, მაგრამ სერგო იშხნელის გუნდმა მოინდომა, მესამე
მეოთხედის ბოლო 3–წუთეული 12:0 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 6
ქულამდე შეამცირა – 60:66.

მიხეილ ჭოჭუასა და ირაკლი გულისაბედაშვილის აქტიურობით მედიკოსებმა
მალე ანგარიშიც გაათანაბრეს (69:69) და ბექა ბექაურის სროლის შემდეგ წინაც
გავიდნენ – 76:74. მატჩის ბოლო სამმა წუთმა დაძაბულად ჩაიარა, ქუთაისელების
წინამძღოლობა გამოცდილმა ბუბა ბერიშვილმა ითავა, რომელმაც ჯერ სხვაობა საჯარიმოს
ხაზიდან შეამცირა, შემდეგ კი სწრაფი გარღვევით თავისიანები დააწინაურა: 77:76. თამაშის
დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა და თბილისელებს თამაშის მოგების შანსიც
ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სტუმართაგან ჯერ ტარიელ თავართქილაძემ დაკარგა ბურთი,
შემდეგ კი იგივე ტატო ჩაჩიბაიამაც გაიმეორა. რევაზ დიდიამ მედიკოსთა შეცდომით
ისარგებლა და ქუთაისელები 79:76 დააწინაურა. სტუმრებმა რომდევნო შეტევაც გააცუდეს,
ბექაურმა საშუალო მანძილიდან ააცილა და შეხვედრას წერტილი ბერიშვილმა ზუსტი ორქულიანით დაუსვა –
81:76.

ქუთაისელთაგან 25 ქულით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა, ხოლო რეზო დიდიამ
ორმაგი დუბლის მოგროვება შეძლო (10 ქულა, 10 მოხსნა). სტუმართაგან კი საუკეთესო
ირაკლი გულისბედაშვილი გახლდათ – 21 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი  და 5 ჩაჭრა.

რუსთავში გამართული შეხვედრაც მეტნაკლებად თანაბარი გამოვიდა.
ბათუმელებმა პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, თუმც მეორე ასეთივე სხვაობით დათმეს
და დიდი შესვენებისთვის საყაიმო ანგარიში იყო – 36:36. მეორე ტაიმშიც არ ტყდებოდა „ბათუმი“
და გადამწყვეტი მეოთხედის წინ მასპინძლებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებოდა. დავით უსტიაშვილი
გამართული ტაქტიკით ათამაშებდა ბათუმელებს დაცვაში, რითაც რუსთაველებს ხელსმასპინძლები მთელი ბოლო მეოთხედი
ლიდერობდნენ, თუმცა 3–4 ქულით. სტუმრები ცდილობდნენ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მაგრამ
გადამწყვეტ მომენტში შორი სროლები ვერ ჩააგდეს და რუსთაველებმა მორიგი გამარჯვება
მოიპოვეს.

ბექა წივწივაძის შეჩერებას ლაშა კეშელავა ცდილობს

„ენერჯი–ინვესტში“ 22 ქულით ბომბარდირი გიორგი ცეკვავა გახდა,
რომელმაც 22 ქულა დააგროვა, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა
ჯოლივეტ ტუჯანის, რომელმაც 19 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა. ბათუმელთაგან კი 19 ქულით
18 წლის ნოდარ თენიეშვილმა გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველთა გუნდში დებიუტი ჰქონდა 18 წლის დუდა სანაძეს, რომელმაც მიმდინარე სეზონი ესპანეთში, კანარიის საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო და ვიზის პრობლემის გამო საქართველოში დაბრუნდა. სანაძე ესპანეთში თავისი გუნდის ლიდერი იყო, რუსთავულ გუნდში დებიუტი კი მას არცთუ ურიგო გამოუვიდა. სანაძემ 30 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. შარშანდელი სეზონი დუდამ სუპერლიგის “დინამოში” გაატარა და მატჩში საშუალოდ 18 ქულას აგროვებდა. 

ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 11 დეკემბერს, თბლისის სპორტის
სასახლეში გაიმართება.

სტატისტიკა: ქუთაისი – სამედიცინო, ენერჯი – ბათუმი