“ქუთაისმა” ლიდერობა “ზაზას” ძლევით განიმტკიცა

“ქუთაისმა” ლიდერობა “ზაზას” ძლევით განიმტკიცა

ამ შაბათ–კვირას აგრარულ უნივერსიტეტში 8 მატჩი გაიმართა,
რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო დაძაბული და მასშიც ამ ჩემპიონატის 2 გამორჩეული გუნდი
შეხვდა. „ქუთაისმა“ უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა „ზაზა“.

ეს შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა და მაყურებელიც საკმარისად მოვიდა
აგრარულ უნივერსიტეტში. ერთმანეთს პირველი ჯგუფის წაუგებელი გუნდები – „ქუთაისი“
და „ზაზა“ ხვდებოდნენ. საერთოდ, 16–წლამდელთა ჩემპიონატში ძალიან არათანაბარი
გუნდები მონაწილეობენ და ამიტომაც დაძაბული მატჩების იშვიათობაა. ამჯერად კი
ერთმანეთს მართლაც რომ დახვეწილი გუნდები ხვდებოდნენ და მაყურებელმაც ძალიან
საინტერესო ბრძოლა იხილა.

რა დასამალია და „ზაზას“ გუნდს ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს – ბექა
ბურჯანაძე, რომელიც დღე–დღეზე ესპანეთში მიემგზავრება და მის გარეშე ზურაბ
სამხარაძის გუნდს პირველობისთვის ბრძოლა ძალიან გაუძნელდება. თუმც ბურჯანაძიანმა
„ზაზამ“ მაინც ვერ მოახერხა დღეს ქუთაისელების დამარცხება. იმერული გუნდი ძალიან
პრაგმატულ, გააზრებულ და დისციპლინაზე დამყარებულ კალათბურთს თამაშობდა და სწორედ
ამის ხარჯზე იმარჯვა. თემურ ფხაკაძე და გიორგი ცირეკიძე– ქუთაისელთა ამ ორმა
ტანმაღალმა მოთამაშემ პირველსავე მეოთხედში მიიღო პერსონალურების ზომაზე მეტი
რაოდენობა, თუმცა დარჩენილ დროში ისე აკურატულად ითამაშეს, რომ მოედნიდან არ
გავარდნილან. ცირეკიძეს 4, ხოლო ფხაკაძეს 3 ჯარიმა დაუგროვდა საწყისსავე მეოთხედში
და იმერული გუნდი ფაქტობრივად კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, რაკი „ზაზას“ მთავარი
ძალა სწორედ ტანმაღალი ბექა ბურჯანაძე გახლდათ. იმერლებს მაღალი მოთამაშე რომ
გავარდნოდათ, ფაქტობრივად უშანსოდ რჩებოდნენ, თუმცა როგორც ვთქვით, გავარდნის
ზღვარზე მყოფმა ქუთაისელმა მოთამაშეებმა ბოლომდე შეასრულეს მწვრთნელის დავალება და
დაცვაში ისე სუფთად თამაშობდნენ, რომ პერსონალური აღარ მიუღიათ.

ისიც სათქმელია, რომ იმერლებს ძალიან მარდი გამთამაშებელი ჰყავდათ:
გიორგი იაშვილმა ძალიან ცუდად ესროლა საჯარიმოები (14–დან 4), მაგრამ მისმა გუნდმა
რომ გაიმარჯვა, უპირველესად სწორედ იაშვილის დამსახურებაა. იაშვილმა ბოლო წუთზე 4
ჯარიმა ააცილა, თუმცა სირენამდე 10 წამით ადრე ორივე საჯარიმო ჩააგდო და
ქუთაისელებს გამარჯვება გაუმაღდა.

მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ბოლო წუთებზე იმ
გუნდმა იმარჯვა, რომელმაც უკეთ შეასრულა მწვრთნელის დავალება. „ზაზას“ 3 მოტამაშე
გაუვარდა პერსონალურების ლიმიტის გამო და ეულად დარჩენილმა ბურჯანაძემ ვეღარაფერი
გააწყო. ისე კი, 16–წლამდელტა ნაკრების ძირითადი ცენტრის სტატისტიკა მართლაც
შთამბეჭდავი გახლდათ. ბურჯანაძემ 31 ქულა, სარეკორდო 27 მოხსნა და 7 დაფარება
მიითვალა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გუნდურად მოტამაშე „ქუთაისის“
დასამარცხცებლად.

დანარჩენ მატჩებში ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა. ფავორიტმა გუნდებმა
იოლად დაჯაბნეს აუტსაიდერები.