რამაზ გოგობერიშვილის სათამაშო კარიერა დღეს რუსთავში დასრულდა

დღეს ერთი ლამაზი, ცოტა სევდიანი, მაგრამ მაინც ღირსეშანიშნავი დღე იყო რუსთავული და მთლიანად ქართული კალათბურთისთვის.
 კალათბურთიდან გააცილეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატების ერთ–ერთი ყველაზე ლაზათიანი, მოხდენილად მოთამაშე და აზარტული კალათბუირთელი რამაზ გოგობერიშვილი. რუსთავულმა “ქიმიკოსთა” დარბაზმა, რა თქმა უნდა, სრულად ვერ დაიტია ქართული კალათბურთის წარმომადგენლები, თუმცა დღეს სპორტის ამ სახეობის ქართული გული სწორედ ამ ქალაქში ძგერდა, დიდი თუ პატარა, ჩინიანი თუ უჩინო, ყველა გულში იხუტებდა და მადლიერებას გამოხატავდა რამაზ გოგობერიშვილის მიმართ.
რუსთავში თავი მოიყარეს რამაზის მეგობრებმა, ოპონენტებმა, თანაგუნდელებმა თუ უბრალოდ გულშემატკივრებმა. ამათგან ნაწილს მოედანზე გასვლის პატივი ერგო, დანარჩენებმა კი უკანასკნელად უყურეს გოგობერიშვილის ნამდვილ, პროფესიული დონის თამაშს: რუსთავის “აზოტის” ვეტერან–მოქმედი კალათბურთელების გუნდი დანარჩენი ქართული კლუბებისგან შემდგარი რამაზის მეგობრების წინააღმდეგ.
თამაში თამაშად და “ქიმიკოსთა” დარბაზში უამრავი რამ იხილა გულშემატკივარმა. საცეკვავო ნომრები, თანამედროვე მუსიკალური ჯგუფისა და ანსამბლის რამაზისადმი მიძღვნილი სიმღერები, სპეციალურად გოგობერიშვილის გაცილებისთვის შექმნილი ვიდეო–კლიპი, ჯილდოები, საჩუქრები და … მატჩის ბოლოს მოედანზე გამოსული რამაზის ვაჟიშვილი, რომელმაც მამის გულის გასახარად არაერთი ბურთი ჩაუგდო მეტოქეს.
რამაზ გოგობერიშვილს მრავალი ფასიანი საჩუქარი გადასცა ქვემო ქართლისა თუ რუსთავ–ქალაქის ხელმძღვანელობამ. მისი ღვაწლი დაფასდა ქართული კალათბურთის ხელმძღვანელებისგან – ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გოგობერიშვილს ეროვნული ნაკრების 13–ნომრიანი მაისურა გადასცა, რითაც რამაზმა გაატარა კიდეც საკუთარი კარიერის ბოლო წუთები მოედანზე. ფედერაციისგან ის ასევე დაჯილდოვდა ფულადი პრემით და საპატიო სიგელით, რაც კალათბურთში შეტანილი წვლილისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის გადაეცა.
საკუთრივ თამაში ისეთი იყო, როგორიც ამ ყაიდის მატჩებს შეეფერება. ყველა ცდილობა, მოხდენილი თამაშით ესიამოვნებინა მაყურებელი და ეს გამოუვიდათ კიდეც. საბოლოოდ რუსთაველებმა 120:96 მოიგეს, მატჩის ბომბარდირი კი ამ ღონისძიების მთავარი გმირი რამაზ გოგობერიშვილი გახდა 27 ქულით.
რამაზი ამიერიდან აღარ გავა მოედანზე სათამაშოდ, თუმც ის მაინც მოედანზე იქნება – გოგობერიშვილი რუსთაველთა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია და ცდილობს, თავის ქალაქს და საქართველოს ღირსეული კალათბურთელები აღუზარდოს.

 

 

 

 

მატჩის ბოლოს ქომაგებმა გოგობერიშვილზე გადაღებული კლიპი იხილეს
 

გოგობერიშვილი თამაშის ბოლოს საკუთარმა შვილმა შეცვალა
 

რამაზ გოგოებიშვილი კალათბურთიდან საქართველოს ნაკრების მაისურით წავიდა
 

რამაზ გოგობერიშვილს აჯილდოებს კალათბურთის ფედერაციის
პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი