რატი ანდრონიკაშვილმა ანდორას მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა

რატი ანდრონიკაშვილმა ანდორას მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
ესპანეთის უმაღლეს – ლიგა ენდესაში საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელის, რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა. „მორაბანკ ანდორას“ ქართველმა ახალწვეულმა პირველი ოფიციალური შეხვედრა მალაგაში, ადგილობრივ „უნიკახასთან“ გამართა, სადაც სტუმრები 84:92 დამარცხდნენ.
ანდრონიკაშვილის დებიუტი ოდნავ გაჭიანურდა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო შეხვედრას ქართველი მცველი მოუთმენლად ელოდა. სეზონის პირველ ტურში მას თამაშის უფლება არ ჰქონდა, ხოლო მეორე ტურის შეხვედრა „ხუვენტუტთან“ გადაიდო. შედეგად, რატის შანსი მხოლოდ მესამე ტურში, 10 ოქტომბერს მიეცა.
„ანდორას“ სამწვრთნელო შტაბმა ქართველ უკანახაზელს მოედანზე 9:20 წუთი დაუთმო. ამ დროში ანდრონიკაშვილმა 2 ქულა დააგროვა — მან ერთადერთი ორქულიანი ტყორცნა ზუსტად შეასრულა (1/1), ხოლო ერთადერთი სამქულიანი ააცილა (0/1). მის პასივში იყო 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ჯარიმა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა -2 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილმა „მორაბანკ ანდორასთან“ 2-თვიანი მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველ მცველს ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს — წარსულში იგი „მურსიას“, „სარაგოსასა“ და „ობრადოიროს“ ღირსებას იცავდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ტურებიდან სამწვრთნელო შტაბი ქართველ უკანახაზელს მეტ სათამაშო დროს დაუთმობს, რატი კი თავის შანსს მაქსიმალურად გამოიყენებს და გუნდში ხანგრძლივად დამკვიდრებას შეძლებს.