10 სამქულიანი ჩაუგდო დღეს რევაზ ჩაჩანიძემ „სამედიცინოს“ და თავის „ენერჯი–ინვესტს“
შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოაპოვებინა. თუმცა ამ მატჩს სხვა გმირებიც ჰყავდნენ –
დავით მაჭავარიანი და აკაკი დვალიშვილი.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და თანაბრად დაიწყო. სერგო იშხნელის
გაწვრთნილმა მედიკოსებმა მწყობრი დაცვითა და გააზრებული შეტევით პირველი მეოთხედი
მოიგეს და არც მეორეში უდებდნენ ტოლს მასპინძლებს. პირველი ტაიმის დასრულებამდე
სამნახევარი წუთით ადრე „სამედიცინო“ 28:27 იგებდა და ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა,
რომ დიდი შესვენებისთვის რუსთაველებს თითქმის გადაწყვეტილი ექნებოდათ თამაშის
ბედი.
პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილი 3,5 წუთი მასპინძლებმა 15:0
მოიგეს და დიდ შესვენებაზე 14–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, რითაც საბოლოოდ
გატეხეს წელში მედიკოსები. თბილისელებს არ გაუმართლათ შეცვლებმა – მერაბ
ბოქოლიშვილის მოედანზე გამოჩენის შემდეგ თბილისელებმა კარგა ხანს ქულა ვერ
ჩააგდეს, „სამედიცინოს“ გამთამაშებელმა კი მიჯრით სამ შეტევაში დაკარგა ბურთი, რაც
რუსთაველებმა სწრაფ კონტრშეტევებში გარდასახეს და ზემოთნახსენები გაქცევაც
მოაწყვეს.
მეორე ტაიმში რუსთაველებს შეუდარებელ ტანდემად მოევლინათ რევაზ
ჩაჩანიძე და დავით მაჭავარიანი. ეს უკანასკნელი პირველს პასებით ამარაგებდა,
ჩაჩანიძემ კი მესამე მეოთხედში 6 სამქულიანი ჩააგდო, რითაც მედიკოსებს ყოველგვარი
იმედი გადაუწურა.
ფარქვეშ კი აკაკი დვალიშვილი დომინირებდა, რომელმაც საბოლოოდ 17
მოხსნა და 20 ქულა მიითვალა. ერთი სიტყვით, რუსთაველებმა ყველა კომპონენტში
დაჯაბნეს „სამედიცინო“ და პირველ ტურში შინ „დინამოსთან“ დამარცხების შემდეგ
ხასიათი გამოიკეთეს.
მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=66