რიჩარდ მათიაშვილი: “ფაჩულაისა და შერმადინის გვერდით თუნდაც ვარჯიში ჩემთვის უდიდესი სტიმულია”

რიჩარდ მათიაშვილი: “ფაჩულაისა და შერმადინის გვერდით თუნდაც ვარჯიში ჩემთვის უდიდესი სტიმულია”

 რიჩარდ მათიაშვილმა ასაკობრივ ნაკრებებში თამაში 2 წლის წინ დაასრულა. მან ყველა ნაკრებში ითამაშა და შარშან, როცა 20 წელს გადააბიჯა, ზაფხული უქმად გაატარა. გასულ სეზონში მათიაშვილ სუპერლიგაში იყო და „ქუთაისის“ შემადგენლობაში ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ეროვნულ გუნდში ცენტრის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, თუმცა მათიაშვილი მაინც იმედიანადაა და ნაკრებში მოწადინებით ვარჯიშობს
 
 
 
– რას ნიშნავს შენთვის ეროვნული ნაკრები?
 
– მართალია, ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოძახება სულ სხვაა. ძალიან გახარებული ვარ, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და იმედი მაქვს, ნაკრებში გამოძახება კარიერულ წინსვლაშიც დამეხმარება.
 
– ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობა შარშანწინ დაასრულე, რის შემდეგაც, გასულ წელს, ეროვნულში არ გამოგიძახეს. ეხლა თუ ელოდი?
 
– სუპერლიგაში კარგი სეზონი ჩავატარე, „ქუთაისის“ შემადგენლობაში თავი არ დამიზოგავს და სხვათა შორის, ველოდი, რომ ეროვნულ გუნდში გამომიძახებდნენ. ძალიან მიხარია, რომ შრომა დამიფასდა და საქართველოს ჩემპიონატში თამაშის მიუხედავად, ჩემი გარჯა შეუმჩნეველი არ დარჩა. ისე კი, აღსანიშნავია, რომ გასული ჩემპიონატი წინანდელებთან შესადარებელიც არაა. დონე ძალიან გაიზარდა და კონკურენციაც გამძაფრდა.
 
– ნაკრებში მიმდინარე სავარჯიშო პროცესზე რას იტყვი?
 
– ჯერჯერობით ფიზიკურად ვვარჯიშობთ. ბურთთან მხოლოდ მცირე  ხნით ვართ და ისიც მხოლოდ ფარში ვისვრით ხოლმე. ფიზიკური დატვირთვები საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მე მას შეჩვეული ვარ. 20–წლამდელთა ნაკრებში ავთანდილ ბერიძე გვავარჯიშებდა და ეხლა იმდენად აღარ ვიღლები.
 
– ნაკრებში შენთან ერთად არაერთი ახალწვეულია…
 
– საკმაოდ კარგი თაობა მოდის, რომელსაც ხელშეწყობა და სწორ გზაზე დაყენება სჭირდება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ნაკრებში ბლომად ახალგაზრდაა. ბიჭები აქედანვე შეეჩვევიან სწორი კალათბურთის თამაშს. ისეთი ვარსკვლავების გვერდზე ივარჯიშებენ, როგორებიც ფაჩულია, შერმადინი, სანიკიძე, მარკოიშვილია. ეს მათ გაზრდას და სწორი მიმართულებით განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
 
– შენი თაობიდან ნაკრებში კიდევ ვინ მოხვდა?
 
– ასაკობრივ ნაკრებებში მხოლოდ ნიკა მეტრეველთან მითამაშია. დანარჩენები ან ჩემზე უმცროსები არიან, ანაც – უფროსები.
 
– ამპლუით ცენტრი ხარ, ჩვენს ნაკრებში კი ამ პოზიციაზე მსოფლიო დონის კალათბურთელები თამაშობენ…
 
– ამას რა ჯობს, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინის დარ კალათბურთელებთან რომ მომიწევს ვარჯიში. ვთვლი, რომ ჩვენს შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მათი სახით საუკეთესო ცენტრები ჰყავს. მართალია, ფაჩულია და შერმადინი ნაკრებს ჯერ არ შემოერთებიან, მაგრამ სულ მალე მომიწევს მათთან ერთად ვარჯიში. ფაჩულია ნბა–ს ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრია, შერმადინი კი – ევროპის. თუკი ვარჯიშის გარდა მათთან ერთად თამაშიც მომიწევს, ძალიან
გავიხარებ.
 

მათიაშვილს ბურთს ვიქტორ სანიკიძე აწვდის
 
– როგორ ფიქრობ, მოახერხებ ძირითად შემარგენლობაში მოხვედრას?
 
– ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რეალურია. თანამედროვე კალათბურთში გუნდების უმეტესობა 3 ცენტრით თამაშობს. არაა გამორიცხული, რომ ჩვენს ნაკრებშიც 3 ცენტრი აიყვანონ. თუმცა მხოლოდ ამის იმედზე არ ვარ. ყველაფერს ვაკეთებ და არაფერს ვიშურებ, რათა ნაკრებში თამაში დავიმსახურო.
 
– როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრები მოახერხებს ევროპირველობის საგზურის მოპოვებას?
 
– ჯგუფის ფავორიტი საქართველოსთან ერთად ბოსნია–ჰერცოგოვინა და ლატვიაა. დიდი შანსია, სწორედ ამ სამმა ნაკრებმა მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ჰოლანდიას შედარებით სუსტი გუნდი ჰყავს, მაგრამ სიურპრიზის შემოთავაზებაც შეუძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ჰოლანდიელები ვერაფერს გახდებიან.
 
– ბოლოს საკლუბო გეგმებზეც გვითხარი…
 
– სუპერლიგაში, ისევ „ქუთაისში“ ვრჩები. შესაძლოა, რამდენიმე დღეში ქუთაისში ჩავიდე და კონტრაქტი გავაფორმო. გასული სეზონის მსგავსად სუპერლიგაში კვლავ დიდი კონკურენცია იქნება. არ გამოვრიცხავ, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატიც ჩატარდეს.