რიკი ჰიკმნი ისრაელის ჩემპიონია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა თელ ავივის “მაკაბიში” მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიგო. ქვეყნის თასს და ევროლიგის ტიტულს ჰიკმანმა ისრაელის ჩემპიონობაც მოაყოლა. გადამწყვეტ მატჩში თელავიველებმა ჰაიფის “მაკაბისთან” 82:84 წააგეს, თუმცა ჩემპიონობის მოსაპოვებლად ეს შედეგი საკმარისი იყო.
საქმე ისაა, რომ განსხვავებით მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალებისა, სადაც სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ისრაელის საჩემპიონო სერია 2-მატჩანია. გუნდები შინ და გასვლაზე თამაშობენ და 2 მატჩის ჯამში გამარჯვებული ჩემპიონია. თელავიველებმა პირველი შეხვედრა ჰაიფაში 81:77 მოიგეს, ხოლო შინ 75:79 დამარცხდნენ. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მასპინძლებმა ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.
რიკი ჰიკმანი 22 ქულით “მაკაბიში” ბომბარდირი გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შარშან ნათამაშებმა და წელსაც გამოძახებულმა ჰიკმანმა 9-დან 5 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაც დაგროვდა. ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ ტაირის რაისი დასახელდა, რომელმაც პირველ მატჩში 30, მეორეში კი – 15 ქულა მოაგროვა.
ჰიკმანისთვის მომქანცველი სეზონი ტრიუმფით დასრულდა. მისმა გუნდმა ყველა ის ტურნირი მოიგო, რაშიც მონაწილეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონი 51-ედ გახდა.