რიკი ჰიკმანი “მაკაბის” ევროლიგის ოთხთა ფინალში 16 ქულით შეუძღვა

რიკი ჰიკმანი “მაკაბის” ევროლიგის ოთხთა ფინალში 16 ქულით შეუძღვა

რიკი ჰიკმანი და მისი “მაკაბი” მილანში მიდიან, სადაც 16-18 მაისს ევროლიგის ოთხთა ფინალი გაიმართება. ოთხთა ფინალის მასპინძელი მილანელები კი განზე დარჩნენ- “მაკაბიმ” მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი “ემპორიო არმანის” 86:66 მოუგო და საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა.
როგორც წინა მატჩებში, ქართულპასპორტიანი ამერიკელი ამჯერადაც გამორჩეული იყო.  “მაკაბიში” ბომბარდირობა  ჰიკმანმაალექს ტაიუსთან გაიყო. ორივე კალათბურთელმა 16-16 ქულა დააგროვა.

მილანელებმა ვერ გაუძლეს თელავიველთა და მათ ქომაგთა ზეწოლას და 3 მეოთხედის განმავლობაში ღირსეულად მებრძოლნი, ბოლო პერიოდში განადგურდნენ. პირველი ტაიმი “ემპორიო არმანიმ” 43:35 მოიგო და ლიდერობას ბოლო პერიოდის წინაც ინარჩუნებდა – 56:54, თუმც “მაკაბიმ” გადამწყვეტ მომენტში შთამბეჭდავად ითამაშა.
საიმედო დაცვა და შეტევაში სიზუსტე – ამ კომპონენტების სამაგალითოდ შესრულებამ მასპინძლებს ის შედეგი მოუტანა, რომ ბოლო 10-წუთეული დევიდ ბლატის გუნდმა 32:10 მოიგო და მეტოქე საბოლოოდ 20 ქულით გაანადგურა.
მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ჰიკმანმა ითამაშა. 38:12 წუთში რიკიმ 16 ქულა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს მოქალაქემ 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ალექს ტაიუსმა, ხოლო კიდევ 1 გამორჩეული მაკაბელი დევინ სმიტი გახლდათ, რომელმაც თავი 13 ქულას, 9 მოხსნას და 5 პასს მოუყარა. მილანელებს 28 ქულით კეიტ ლენგფორდმა ულიდერა, მაგრამ…
ოთხთა ფინალში გასული “მაკაბი” მორიგ მეტოქეს 25 აპრილს შეიტყობს. 16 მაისს,  მილანში  დანიშნულ ნახევარფინალში თელავიველებს “პანათინაიკოსსა” და ცსკა-ს შორის გამარჯვებული შეხვდება. ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია დღეს დრამატული მატჩის შემდეგ გათანაბრდა. “პანათინაიკოსმა” სერიის მე-4 შეხვედრა ათენში დამატებით დროში, 73:72 მოუგო მოსკოვურ გუნდს და საერთო ანგარიში გააყაიმა – 2:2. მე-5, გადამწყვეტ მატჩს 25 აპრილს რუსეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.