რიკი ჰიკმანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირის ფინალშია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის “მაკაბიმ” მილანში, ოთხთა ფინალის პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა 68:67 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩი თავიდან ბოლო წამებამდე წითელარმიული გუნდის უპირატესობით წარიმართა. თელავიველებმა სასწაულებრივ გაიმარჯვეს – მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე სონი ვიმსმა შორეული ორქულიანი ჩააგდო და მოსკოველები 67:63 დააწინაურა. ამ დროს არმიელები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ – ფანტასტიკის სფერო იყო 20 წამში 4 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება.
მაკაბელებმა ბურთი სწრაფად გაათამაშეს და დევიდ ბლუმ საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. არმიელებმა წუთშესვენება აიღეს და ეტორე მესინამ რაც დაგეგმა, ყველაფერი წყალს გაატანა ვიქტორ ხრიაპამ, რომელმაც მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და … ტაირის რაისმა იმარჯვა, ბურთი მოიხელთა და სწრაფი გარღვევით დასრულებამდე 6 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი მიითვალა.
რიკი ჰიკმანმა 34 წუთს ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. ჰიკმანმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მატჩის გმირმა დევიდ ბლუმ კი 15 ქულა, სულ სამქულიანებით მოაგროვა. ვეტერანმა ებრაელმა ფორვარდმა 9-დან 5 სამიანი ჩააგო.
მეორე ნახევარფინალში ესპანური დერბია – “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ. ამ გუნდებს შორის გამარჯვებულს “მაკაბი” ფინალში 18 მაისს შეხვდება.