“როკი” ოთხთა ფინალშია – ცინცაძემ ტალინი აიღო

გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმა” ბალტიის ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში მოსისხლე ტალინის “კალევს” დრამატული მატჩი 71:68 მოუგო და ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლება მოიპოვა.
 
ტარტუელებმა სერიის პირველი მატჩი ტალინში მოიგეს, თუმცა 1 კვირის წინ საკუთარ არენაზე დამარცხდნენ და „კალევს“ წესდებით მინიჭებული უფლება მიენიჭა – სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩს მასპინძლობდა.
 
ტალინის დარბაზში საკუთარი გუნდის საქომაგოდ 6000 ქომაგი შეიკრიბა, მაგრამ მათმა მხარდაჭერამ ვერ უშველა „კალევს“ – „როკმა“ ბრძოლისუნარიანობა და ნერვების სიმტკიცე გამოავლინა, რაც დაუფასდა კიდეც.
 
ტალინელებმა პირველი ნახევარი 9 ქულით დათმეს, თუმცა, მესამე მეოთხედში “როკი” 26:12 გაანადგურეს და გადამწყვეტ წუთებს ლიდერის რანგში შეხვდნენ.
თამაში ბოლოს თანაბრად წარიმართა და ძირითადი დრო 59:59 დასრულდა.
 
ოვერტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა დამატებითი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ცინცაძის სამქულიანის წყალობით წონასწორობა ისევ აღდგა – 63:63.
ოვერტაიმისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 24 წამით ადრე, ცინცაძემ მორიგი სამქულიანით ტარტუელები 68:66 დააწინაურა, ფოქსმა წონასწორობა აღადგინა, ცინცაძის პასით ტანოკა ბერდის საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებულმა ბურთმა კი გამარჯვება “როკს” მოუტანა.
 
ცინცაძემ  ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 42 წუთში სტუმრებს 8 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა. გიორგიმ 7-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
18 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა ვიქტორ სანიკიძემ. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 4 სამქულიანი კი ააცილა.
 
მაშ ასე, ქართველების ესტონური გუნდი ბალტიის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა და ის მისი მეტოქე  კაუნასის “ჟალგირისი“ იქნება, მეორე წყვილი კი ასევე ლიტვურმა “ლიეტუვას რიტასმა” და ლატვიურმა “ასკ რიგამ” შეადგინეს.