“როკის” ქართველებმა რიგაში გაილაღეს

კარგი ცნობები ბალტიისპირეთიდან: გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “როკმა”  ბალტიის ლიგაზე გასვლით შეხვედრაში რიგის “ბარონსი” 88:86 დაამარცხა და ამაში ქართველ ლეგიონერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. საქართველოს ნაკრების წევრები დომინირებდნენ მოედანზე და საინტერესო და სასიამოვნო ფაქტია, რომ  სტუმართა მიერ მოპოვებული ქულათა თითქმის ნახევარი ჩვენს კალათბურთელებზე მოდის.
სანიკიძეცა და ცინცაძეც სასტარტო ხუთეულში იყო. ცინცაძემ ლამის შეუცვლელად ითამაშა. მან მოედანზე 38 წუთი გაატარა და 21 ქულას, 6 პასს (საუკეთესო შედეგი თავის გუნდში) და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. „როკერთა“ ქართველმა გამთამაშებელმა 12-ჯერ ტყორცნა ორქულიანი და ოთხ შემთხვევაში მიზანს მიაღწია, შორიდან კი 4-ჯერ გაისროლა და აქედან 2 ცდა შედეგიანი გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ “ბარონსის” კალათბურთელებმა, ცინცაძის წინააღმდეგ შვიდჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, რამაც ქართველ უკანახაზეს 8 საჯარიმოს შესრულების საშუალება მისცა და აქედან მხოლოდ ერთხელ ააცილა მიზანს.
 

ბურთითაა გიორგი ცინცაძე
 
უფრო შთამბეჭდავია სანიკიძის სტატისტიკა. მანაც 21 ქულა მოაგროვა, თუმცა, ამას გაცილებით ნაკლები ცდა დააჭირვა, ვიდრე ცინცაძემ. „ვიკას“  შესრულებული 7 ორქულიანიდან ოთხმა მიზანს უწია. მან ამდენჯერვე იხეირა სამქულიანი დისტანციიდანაც (6 ტყორცნიდან). ამასთან, ერთადერთი საჯარიმოც ზუსტად შეასრულა. სანიკიძემ მოედანზე გატარებულ 32 წუთში  კიდევ 7 მოხსნა (საუკეთესო შედეგი თავის გუნდში), 5 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება დაურთო.
ასე რომ, “ბარონსთან” შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა ჯამში 42 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალეს.
რაც შეეხება შეხვედრას, ის ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ მეოთხედში “როკმა” 28:22 იმარჯვა, თუმცა, დიდი შესვენების წინ, მხოლოდ მინიმალური უპირატესობა შერჩა (48:47), მესამე პერიოდის შემდეგ კი, სულაც 2 ქულით ჩამორჩა. ბოლო მეოთხედმაც ასე ქულა-ქულაში ჩაიარა, მაგრამ “როკერებმა”, ქართველი ლეგიონერების ძალიასხმევით, მაინც მოახერხეს შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულება. საბოლოოდ სტუმრებმა 2 ქულის სხვაობით – 88:86 იმარჯვეს.
ბალტიის ლიგის გათამაშებაში “როკს” 6 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და მეექვსე ადგილზე იმყოფება.
გუშინ ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმაც“, რომელმაც უკრაინის ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში “პოლტავა” მისსავე მოედანზე 10 ქულის სხვაობით – 90:80 დაამარცხა.
დედაქალაქელებმა პირველ მეოთხედში 15-ქულიანი (31:16) უპირატესობა დაიბევეს, რომელიც დიდ შესვენებამდე 18 ქულამდე გაზარდეს. მესამე და მეოთხე ათწუთეულები კი, სტუმრებმა ერთნაირი ანგარიშით – 19:23 დათმეს, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვება მაინც არ გასჭირვებიათ.

რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, იგი მწვრთნელებმა 28 წუთი ათამაშეს, რომლის განმავლობაშიც ქართველმა უკანახაზელმა 7 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
 “ბკ კიევს” უკრაინის ჩემპიონატში 15 გამარჯვება აქვს და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მის უახლოეს მდევარ “აზოვმაშს” კი ერთით ნაკლები ქულა აქვს.

 

უტევს ვიქტორ სანიკიძე