“როკმა” რუსული ვიზა და გამარჯვება მიიღო

ევროჩელენჯის გათამაშება ქართველებისთვის ლამის პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკთან“ ამ ტურნირის ჯგუფში იტალიურ „ვირტუსთან“ და ბელგიურ „ოსტენდესთან“ ერთად რუსული „სამარაც“ მოხვდა და პირველსავე მატჩში ქართველების გუნდი რუსეთში თამაშობდა. რუსეთთან გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო სანიკიძესა და ცინცაძეს ამ ქვეყნის ვიზის მიღებაზე თავდაპირველად უარი უთხრეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ესტონურმა გუნდმა გამოაცხადა, თუკი რუსეთი ქართველებზე ვიზას არ გასცემს, სამარაში საერთოდ არ ჩავალთო. საბოლოოდ, ყველაფერი ცივილურ ფარგლებში მოექცა, ქართველები „როკს“ რუსეთში ჩაყვნენ და თავისიანებს გამარჯვებაშიც დაეხმარნენ.
 

გიორგი ცინცაძე სამარელების წინააღმდეგ
 
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და თავდაპირველად მასპინძლები იგებდნენ. რუსები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 5 ქულით ლიდერობდნენ, თუმც ბოლო ათწუთეული ტარტუელებმა დიდებულად ჩაატარეს – 21:8 იძალეს და საბოლოოდ 66:58 დაამარცხეს სამარელები.
ცინცაძე ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. მისი მონაგარია: 7 ქულა, 7 პასი და… 7 დაკარგვა. ამასთან, გიორგის 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. სანიკიძემ კი 22 წუთი ითამაშა და 9 ქულას და 7 მოხსნას მოუყარა თავი. „ვიკამ“ ისევ მაღალი შედეგიანობით ისროდა თამაშიდან – მან 4–დან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო.
ამ ჯგუფის მეორე მატჩი “ვირტუსისა” და “ოსტენდეს” შორის დღეს საღამოს გაიმართება.