გიორგი ცინცაძემ ფრანგულ „რუანში“ პირველი მატჩი ჩაატარა. მოგეხსენებათ, ცინცაძემ მიმდინარე სეზონი ფრანგული ლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდ „გრავლინში“ დაიწყო, თუმცა მიზეზთა გამო კლუბის გამოცვლა მოუხდა.
„რუანი“ ერთ-ერთი აუტსაიდერია, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველ უკანახაზელს ამ გუნდში მეტი სათამაშო დრო ექნება. რუანელებმა მორიგი ტურის მატჩი სტუმრად „ანტიბთან“ გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 81:87 დამარცხდნენ. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
18 ქულით რუანელთაგან საუკეთესო გერშონ იაბუსელე გახლდათ, 16 ქულა კი სულეიმან დიაბატემ მიითვალა. 4 მოგბითა და 13 წაგებით „რუანი“ საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და ახლა სათასაო მატჩები გაიმართება. ჩემპიონატი 29 იანვრიდან განახლდება. ამ დღეს ცინცაძის გუნდი „ნანსის“ უმასპინძლებს.