რუსეთის კალათბურთის ფედერაციას ფიბა-მ წევრობა შეუჩერა. მიზეზი ის დაულაგებელი სიტუაციაა, რაც რუსეთის საკალათბურთო მმართველობაში სუფევს. არჩეული პრეზიდენტის, ქალბატონ იულია ანიკეევას უფლებამოსილებას არ აღიარებს და ქვეყნის საკალათბურთო საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად ერევა ძველი ფედერაციის მენეჯმენტი. 22 ივლისს ფიბა-მ გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია, რომ არსებული ქაოტური სიტუაციის მოუგვარებლობის შემთხვევაში დისკვალიფიკაციას მისცემდა და სიტყვა აასრულა. რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური წერილი 29 ივლისს მივიდა.
რუსეთის ნაკრებებს, გუნდებს და მსაჯებს ჯერჯერობით დისკვალიფიკაცია არ ეხებათ. რუსეთის გოგონათა ნაკრები არ მოუკვეთიათ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატიდან, რომელიც სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს. 8-9 აგვისტოს ფიბა-ს მმართველი ბორდის შეკრებაა დანიშნული და რუსეთის საკითხიც საბოლოოდ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე გაირკვევა.